მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი-ღონისძიება "ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე"
საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (finedu.gov.ge) საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღსანიშნავ გლობალურ ღონისძიებებს წელს საქართველოს სახელით უკვე მეათედ შეუერთდებიან.
აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად სხვა აქტივობებს შორის იგეგმება ღონისძიება-კონკურსი (შემდგომში - ღონისძიება) სახელწოდებით "ჩაერთე, ასწავლე, გაიმერჯვე", რომლის მხარდაჭერას და საპრიზო ფონდის დაწესებას განახორციელებენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება ეხმიანება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის მთავარ იდეას და მიმართულია ახალგაზრდობის ფართო მასებისათვის დაზოგვის მნიშვნელობის, სარგებლის, ასევე, დაზოგვასთან დაკავშირებული გამოწვევების გაცნობისა და მათ მიერ გუნდური მუშაობის ფორმატში საკითხის გადაჭრის გზების ძიების წახალისებისაკენ.
მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში, საქართველოში კი 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღის მიზანია, დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისება. საქართველოში ამ დღის ადრესატი ძირითადი სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან, დაზოგვის დღეს კი თავისი სიმბოლო ჭიანჭველა „გროვია“ ჰყავს.
ღონისძიების მიმოხილვა და ეტაპები
ღონისძიება განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ ეტაპებად:
1) პირველი ეტაპი - მენტორების რეგისტრაცია
აღნიშნული ეტაპის ფარგლებში სპეციალურ სარეგისტრაციო ბმულზე დარეგისტრირებას ნებისმიერი მსურველი (შემდგომში - მენტორი) შეძლებს, მათ შორის, სკოლის მასწავლებლები;
ღონისძიებაში მენტორის სტატუსით მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, მათ შორის, სკოლის მასწავლებლებს, სტუდენტებს და სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც:
- აქვს შესაძლებლობა და სურვილი შეკრიბოს 12-15 წლის მინიმუმ 10 ახალგაზრდა და დააორგანიზოს საგანმანათლებლო აქტივობა, უზრუნველყოს საკუთარი და გუნდის წევრების/ახალგაზრდების შესაბამისი ჩართულობა.
- აქვს შემეცნების, ცოდნის გაზიარებისა და გამარჯვების სურვილი.
მენტორების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი, 23:59 სთ.
მონაცემები, რომელთა შევსებაც საჭირო იქნება სარეგისტრაციო ბმულზე:მენტორის სახელი, გვარი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ქალაქი/სოფელი/დაბა, პროფესია, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი, ალტერნატიული საკონტაქტო ნომერი, სკოლა/დაწესებულება, სადაც პოტენციური გუნდის წევრები/ახალგაზრდები სწავლობენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, სარეგისტრაციო განაცხადების მიღება შეწყვიტოს მენტორობით დაინტერესებული 100 პირის რეგისტრაციის შემდეგ.
2) მეორე ეტაპი - მენტორების ინსტრუქტაჟი
აღნიშნული ეტაპის ფარგლებში წინასწარ დარეგისტრირებულ მენტორებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს წარმომადგენლების მიერ 19 და 20 ოქტომბერს საინფორმაციო ვებინარი ჩაუტარდებათ.
ვებინარზე განხილული იქნება:
- ღონისძიების მთავარი თემა - "დანაზოგები და დაზოგვასთან დაკავშირებული გამოწვევები";
- მენტორების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩასატარებელი გაკვეთილის ტექნიკები;
- ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ეტაპების, კონკურსის ნახევარფინალისა და ფინალის ჩატარების დეტალები და ინსტრუქტაჟი.
3) მესამე ეტაპი - მენტორების მიერ ახალგაზრდებთან ჩატარებული საგანმანათლებლო აქტივობა და საფინალო გუნდის ფორმირება
ამ ეტაპზე მენტორები მათ მიერ შერჩეულ ახალგაზრდებთან დააორგანიზებენ და გაუძღვებიან საგანმანათლებლო აქტივობას (გაკვეთილს) მათ მიერვე არჩეული ფორმატით (ონლაინში ან პირისპირ). საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართული ახალგაზრდების ოპტიმალური რაოდენობა 10-დან 20-მდე.
გაკვეთილზე ახალგაზრდები განიხილავენ, თუ რა არის დაზოგვა და რა მიზნით ზოგავენ ადამიანები, სად და როგორ შეიძლება დაზოგვა. ახალგაზრდები იმსჯელებენ იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელთა გამოც ადამიანებს ხშირად არ გამოსდით დაზოგვა, და იმ შედეგებზე, რომლებიც დანაზოგების ნაკლებობას შესაძლოა მოჰყვეს. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდები დაზოგვასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ ერთ ან რამდენიმე ამოცანას განსაზღვრავენ და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იდეებს ჩამოაყალიბებენ.
გაკვეთილის ბოლოს მენტორი აფორმირებს საფინალო გუნდს და კრებს, აღწერს ახალგაზრდების იდეებს, კერძოდ ის:
- შეარჩევს 5 ახალგაზრდას, რომლებიც გუნდის ფინალურ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში იასპარეზებს კონკურსის ფინალურ ეტაპზე. შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს და აქტივობის ფარგლებში გაკვეთილის დაწყებამდე ახალგაზრდებს უზიარებს თავად მენტორი;
- მოკლედ (200-დან 400 სიტყვამდე) აღწერს ახალგაზრდების იდეებს და Microsoft Word-ის ან PDF ფორმატით აგზავნის ელ. ფოსტაზე: info@finedu.gov.ge.
ამგვარად, 5 ახალგაზრდისგან შემდგარ საბოლოო გუნდთან ერთად მონაწილეობას იღებს ფინალის მონაწილეების შესარჩევ კონკურსში.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა - 27 ოქტომბერი, დღის 12:00 საათი.
ფინალის მონაწილეების შესარჩევ კონკურსში გამოსაგზავნი მეილის ფორმატის დაცვა სავალდებულოა. ინსტრუქციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ბმულზე მოცემული ფაილიდანაც ან გაეცანით მითითებებს ქვემოთ. ინსტრუქცია მენტორებს
მენტორმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს "მსოფლიო დაზოგვის დღე", ხოლო წერილის ტექსტად მონაცემები თანდართული ფორმატისა და შინაარსის შესაბამისად (ივსება მონაცემები წყვეტილი ხაზების ადგილას):
მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსისათვის: „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“მენტორის სახელი, გვარი: -------------
მენტორის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა --
მენტორის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: -------------
მენტორის მიერ წარმოდგენილი გუნდის სახელწოდება: --------------
ქალაქი/დაბა --------------
სკოლა/სკოლები, რომლებშიც სწავლობენ გუნდის წევრები --------
გუნდის წევრები (სახელი, გვარი და ასაკი):
1. ------
2. ------
3. ------
4. -----
5. ----
ამ მეილისათვის თანდართულ ფაილში წარმოდგენილია ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე ახალგაზრდებთან ერთად განხილული საკითხების/იდეების აღწერა.
აქვე ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები კონკურსის პირობებს. ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი გუნდის წევრების კანონიერ წარმომადგენელთან (მშობელი/მეურვე) მიღებული მაქვს თანხმობა კონკურსში მონაწილეობაზე, ასევე, ფინალში გუნდის მოხვედრის შემთხვევაში, თანახმა არიან მათ ონლაინ-კონკურსში ჩართვაზე, სადაც გამოჩნდება არასრულწლოვანი პირების ვიზუალური გამოსახულებაც. საჭიროების შემთხვევაში ვიღებ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხმობის დოკუმენტურად დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენაზეც.
კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ფინალში გადასაყვან კანდიდატებს შორის არ განიხილოს იმ მენტორთა მიერ გამოგზავნილი მასალები, რომლებიც გამოიგზავნა ზემოაღნიშნული ფორმატის დარღვევით, ასევე, იმ შემთხვევაში, როცა მენტორის მიერ დატრენინგებულ იყო 10-ზე ნაკლები ახალგაზრდა და არ ყოფილა შესაბამისი მიზეზ(ებ)ი, რატომაც არ მოხერხდა უფრო მეტი ახალგაზრდის მობილიზება.
კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი/თემატიკა არ პასუხობს საკონკურსო პირობებს.
4) მეოთხე ეტაპი - ფინალისტების გამოვლენა
ჟიურის წევრები მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- იდეის/იდეების გადმოცემის სიმარტივე - აღწერის მიხედვით გასაგებია იდეის შინაარსი;
- იდეის/იდეების პრაქტიკულობა - მოწოდებული იდეები რეალურადაც განხორციელებადია;
- იდეის/იდეების ორიგინალურობა.
შეფასების მიხედვით ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ფინალისტ გუნდს.
ფინალისტი გუნდების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება 29 ოქტომბერს ფინედუს ფეისბუქგვერდის საშუალებით.
5) მეხუთე ეტაპი - ფინალი
31 ოქტომბერს, მსოფლიო დაზოგვის დღეს, ფინალური ონლაინ ღონისძიება ჩატარდება. ღონისძიება ფინედუს ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ეთერის (ე.წ. Live) რეჟიმით გადაიცემა.
ღონისძიების შესავალ ნაწილში ფინალისტი გუნდები საკუთარ იდეებს წარადგენენ. იდეების წარდგენის ფორმატს და მასალების (მაგალითად, პრეზენტაციის ფაილების) გამოყენების საჭიროებას განსაზღვრავს თავად გუნდი. გუნდის მიერ საკუთარი იდეების პრეზენტაცია არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს.
მომდევნო ეტაპზე დაიწყება შეჯიბრი-ვიქტორინა, ღონისძიების ორგანიზატორი გუნდებს კითხვებს დაუსვამს. ფინალისტ გუნდებს ექნება შესაძლებლობა, ღონისძიების ფარგლებში განაწილებულ ვირტუალურ ოთახებში იმსჯელონ დასმულ შეკითხვებზე და გუნდურად შეჯერდნენ საბოლოო პასუხზე.
პასუხების დაფიქსირება გუნდის თითოეულ წევრს შესაბამისი ბმულის საშუალებით შეეძლება. თუმცა, გუნდის შედეგებიდან გაითვალისწინება ის პასუხები, რომელიც გუნდიდან პირველი აისახება პასუხების ბაზაში. არ გაითვალისწინება გუნდიდან სხვა წევრების მიერ დაფიქსირებული პასუხები.
მიღებული პასუხების შესაბამისად, საბოლოოდ, გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი - კერძოდ, ის გუნდები, რომლებსაც დანარჩენებზე მეტი სწორი პასუხი ექნება დაფიქსირებული და დანარჩენებზე სწრაფად.
ღონისძიების მსვლელობისას სპეციალურ კონკურსში ჩართვა ფეისბუქლაივის მაყურებელსაც შეეძლება. ღონისძიების მსვლელობისას გაჟღერდება შეკითხვები. გაიმარჯვებენ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე სწრაფად შეძლებენ სწორი პასუხის დაფიქსირებას ღონისძიების შესაბამისი პოსტის კომენტარში.
გამარჯვებულებისათვის დაწესებული პრიზები
ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრები და მათი მენტორები ღონისძიების მხარდამჭერებისგან საბანკო ანაბრებს მიიღებენ. ანაბრის მოცულობა გამარჯვებული კონკურსის წევრებისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
- მენტორს 500 ლარის ოდენობით;
- გუნდის 5-ივე წევრს - 300 ლარის ოდენობით თითოეულს.
ღონისძიების მხარდამჭერები
გამარჯვებულებისათვის პრიზებს აწესებენ და გამარჯვებულების დაჯილდოებას ახორციელებენ შემდეგი კომერციული ბანკები:
- სს "ბაზისბანკი",
- სს "თიბისი ბანკი"
- სს "კრედობანკი"
- სს "ლიბერთიბანკი"
- სს "საქართველოს ბანკი"
საბანკო ანაბრის გახსნის წესებს და პროცედურებს, ასევე, ანაბრის ტიპს განსაზღვრავს ის ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ.№2
- ცხელი ხაზი: (995 32) 2 406 406
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge.
- ვებგვერდი: https://www.finedu.gov.ge/
- ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/