კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსოფლიო დაზოგვის დღე 2022

OECD/INFE
31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნას დიდი ხნის ისტორია აქვს. მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და თანამედროვეობაში უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. მისი მიზანია დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება. 

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ინიციატივის ძირითადი სამიზნე სეგმენტი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ამ დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მის მიერ დაარსებულ ფინანსური განათლების პლატფორმასთან, ფინედუსთან (www.finedu.gov.ge), ასევე, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად წელს უკვე მეთერთმეტედ შეუერთდება. ინიციატივების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, სკოლის მოსწავლეებისათვის დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილების ჩატარებაც იგეგმება. 

ინიციატივის „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ფინედუს დესპანების მისიას იკისრებენ და დაინტერესებული სკოლების IV-VII კლასის მოსწავლეებთან 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით დაზოგვის თემაზე გაკვეთილებს ჩაატარებენ. სკოლებს ეწვევიან ეროვნული ბანკის სხვადასხვა მიმართულების როგორც რიგით, ისე მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლები. გაკვეთილები მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორიას, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას დაეთმობა.

 "მოიწვიე ფინედუ კლასში" სახელწოდებით დაგეგმილი ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.