31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღეა, რომელსაც საქართველოც, ტრადიციულად, უკვე მეთერთმეტე წელია, უერთდება.
მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინედუს დესპანების მისიას იკისრებენ და დაინტერესებული სკოლების მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.
რა დანიშნულება და ისტორია აქვს მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას?
მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
ამ მასშტაბური წამოწყების მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება.
საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე სეგმენტს ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".
რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"?
ღონისძიება გულისხმობს IV-VII კლასის მოსწავლეებისათვის ერთი ღია გაკვეთილის ჩატარებას მოწვეული სტუმრის მიერ.
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა საკითხები იქნება განხილული?
გაკვეთილები ჩატარდება მე-4-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან. გაკვეთილები მსოფლიო დაზოგვის დღის ისტორიას, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას დაეთმობა.
რა ფორმატით ჩატარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები თბილისის მასშტაბით საკლასო ოთახებში წარიმართება, ხოლო რეგიონების წარმომადგენლებისათვის - ონლაინ (Zoom) პლატფორმაზე.
როდის ჩატარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები ჩატარდება 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, 10:00-17:00 საათების შუალედში. თითოეულ სკოლაში ფინედუს დესპანის ვიზიტი დაიგეგმება მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული დროის გათვალისწინებით.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები, ვინ ჩაატარებენ გაკვეთილებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რიგით, ისე მენეჯერულ პოზიციებზე. ისინი მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილს ჩაუტარებენ და უპასუხებენ მოსწავლეების შეკითხვებს არა მხოლოდ დაზოგვის, არამედ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც.
გაკვეთილზე დამსწრე მოსწავლე-ახალგაზრდებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან საგანმანათლებლო ბროშურები გადაეცემათ.
რა მინიმალური მოთხოვნაა იქნება საჭირო სკოლისგან გაკვეთილის ჩასატარებლად?
საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა.
რა არის საჭირო ფინედუს კლასში მოსაწვევად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა. კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის/სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში.
არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია და სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.
როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე, არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
ღონისძიებაში ჩართვისა და კლასში ფინედუს დესპანის მოსაწვევად დარეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე - https://bit.ly/მოიწვიეფინედუკლასში2022.
როდის მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასებში ვიზიტთან დაკავშირებით?
ფინედუს წარმომადგენლები დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებს შეათანხმებენ 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით შესაძლოა, დაინტერესებულმა პირებმა გამოიყენონ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:
- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
- ცხელი ხაზი: (+995)32)2406406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
- ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge