კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, 1983 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მიზნად მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით ფინანსური სექტორი, ჯამში 12 ორგანიზაცია, წელს პირველად უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას და აცხადებს კონკურსს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემებზე მიძღვნილი მასალების შესაქმნელად.

ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსი

კონკურსის ფარგლებში მასალები მიიღება და გამარჯვებულები გამოვლინდება 2 კატეგორიაში:

  • კატეგორია „ბლოგი“ - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისთვის;
  • კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეოფორმატის (“Vlog”, “Motion Design”) ნამუშევრებისათვის

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის და კონკურსის სლოგანია: „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • I ეტაპზე გადარჩეული 20 ბლოგპოსტი და 20 ვიდეო ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ზე და შესაბამის facebook გვერდზე გამოქვეყნდება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
  • II ეტაპზე კი სულ 24 გამარჯვებული გამოვლინდება - 12 ბლოგისა და 12 ვიდეოს ავტორი.

კონკურსის გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, მათ შორის: 500 ლარის მოცულობის ანაბრები, 500-ლარიანი ვაუჩერები, ქინდლი, პროექტორი, სქროლერები, ასევე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი - „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.

გამარჯვებულებისთვის პრიზებს 12 ორგანიზაცია აწესებს:

ბაზისბანკი, გირო კრედიტი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, მიკრო ბიზნეს კაპიტალი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ბანკი, სვის კაპიტალი, ტერაბანკი, ფინკა ბანკი საქართველო და საქართველოს ეროვნული ბანკი.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 31 მარტია.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ. 

გისურვებთ წარმატებებს!