კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

"მოიწვიე ფინედუ კლასში" ფულის გლობალური კვირეულის 2025 წლის კამპანიის ფარგლებში - შედეგების შეჯამება

gmw2025
ფულის გლობალური კვირეულის 2025 წლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის - www.finedu.gov.ge (ფინედუ) ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" შედეგების შეჯამება დასრულდა.

პროექტის განხორციელებაში, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად ჩართულები იყვნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები, რომლებმაც ფინედუს დესპანის როლი მოირგეს და დაინტერესებული მასწავლებლების მოწვევით  III-XII კლასის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით ჩაუტარეს ღია გაკვეთილები ფინანსური განათლების სხვადასხვა თემაზე.  სასწავლო შეხვედრები შემუშავდა თამაშზე დაფუძნებული, სახალისო სწავლების ფორმატით. სკოლებში მიწვეულმა დესპანებმა მოსწავლეებს გააცნეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის დანიშნულება, გონივრული ხარჯვა, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და ფინანსური უსაფრთხოება.

პროექტში ფინედუს დესპანის სტატუსით ჩაერთო საქართველოს ეროვნული ბანკის 40 თანამშრომელი, ასევე, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკის, ტერაბანკისა და მიკრობანკი ემბისის 50-მდე თანამშრომელი. 

ერთობლივი ძალისხმევით, პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გაკვეთილები 72 სკოლის 110 კლასში. ჯამში ღია გაკვეთილებს დაესწრო 2,722 მოსწავლე, აქედან 68% რეგიონების სკოლებში.

ფინედუს დესპანებმა მოსწავლეებს სპეციალური საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის, სამაგიდე თამაშები გადასცეს, მასპინძელმა მასწავლებლებმა კი პროექტის მხარდაჭერისთვის ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები მიიღეს.

პროექტის დასრულების შემდეგ დესპანებმა და  მასპინძელმა მასწავლებლებმა გააზიარეს უკუკავშირი, რომლის ანალიზიც სამომავლო პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმვას შეუწყობს ხელს.