კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებელთა ტრენინგი „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში

საქართველოს ეროვნული ბანკი, "სკოლა-ბანკის" პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. 29 და 30 ოქტომბერს ეროვნულ ბანკში მასწავლებელთა ორდღიანი ტრენინგი გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (CYFI) მიერ შემუშავებული პროგრამა "სკოლა–ბანკი" 15 გაკვეთილს მოიცავს და მიზნად ისახავს VII-IX კლასის მოსწავლეების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები მათთვის გასაგები ენითა და სახალისო აქტივობებით ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება.

მასწავლებელთა ტრენინგზე განხილული იყო ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც "სკოლა-ბანკის" სახელმძღვანელოშია მოცემული. მიღებულ ცოდნას მასწავლებლები თავიანთ სკოლებში დანერგავენ და მოსწავლეებს 15 გაკვეთილს ჩაუტარებენ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგზე დარეგისტრირება ნებისმიერი მასწავლებლისთვის იყო შესაძლებელი.

"ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლებაში პედაგოგთა როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ, ეროვნული ბანკი ცდილობს ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების ზრდას. სკოლა-ბანკის ტრენინგი ამის ერთ-ერთი მაგალითია. ვიმედოვნებთ, პედაგოგები წარმატებით შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნის მოსწავლეებში გაზიარებას," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

ტრენინგის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.