კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ ფინალისტები ცნობილია

2023 წლის 10 მარტს, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, დაიწყო პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“. კონკურსის მიზანია ფინანსური განათლების, გარემოსა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი ქმედებების, მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების ვებპორტალის, ფინედუს ორგანიზებითა და სს „საქართველოს ბანკის“, სს „თიბისი ბანკის“, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალის“, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის“, სსიპ საპენსიო სააგენტოს, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „აფლატუნ ინთერნეიშენალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით ტარდება.

კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევრების მიღება დასრულდა 19 მარტს (დილის) 09:00 საათზე. კონკურსის პირველ ეტაპზე სულ შემოვიდა 170-მდე ნამუშევარი.

 

ჟიურიმ ნამუშევრები კონკურსით დადგენილი პირობებისა და კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა და 20 ფინალისტი გამოავლინა.

 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 28 მარტს. კონკურსის პირობების მიხედვით:

  • 5 გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური;
  • 5 გამარჯვებულს კი შეარჩევს მომხმარებელი. მომხმარებლის 5 რჩეული გახდება ფინედუს Facebook გვერდზე ჩვენს მიერ ატვირთული ფოტოებიდან ყველაზე მეტი რეაქციის მქონე პოსტერი. რეაქციები დაითვლება 27 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით და გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელიც დაფიქსირებაც შესაძლებელია Facebook-ზე;
  • ერთმა კონკურსანტმა შესაძლებელია, გაიმარჯვოს ერთდროულად როგორც „ჟიურის რჩეულის“, ისე „მომხმარებლის რჩეულის“ კატეგორიაში.

ფინედუ და კონკურსის მხარდამჭერები წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ყველა მონაწილეს.