გლობალური ფულის საიუბილეო კვირეული 2022 - დევიზით "შექმენი შენი მომავალი, მოეპყარი გონივრულად ფულს" - დღეს დაიწყო და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება!
გლობალური ფულის კვირეულს მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კვირეულის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაციაა.
აღნიშნული გლობალური ღონისძიების სლოგანია - "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე" და ნიშანდობლივია, რომ კვირეულის ამ მთავარ იდეას სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის სიტყვები უძღვის წინ (იხ. ბმული).
წლევანდელი კვირეულის აღნიშვნას არაერთი ორგანიზაცია ბევრი საინტერესო ღონისძიებით უერთდება. კვირეულს ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს ორგანიზებას და მის მიერ შექმნილ ფინანსური განათლების პლატფორმასთან, FinEdu - ფინედუსთან ერთად ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან: საქართველოს ბანკი , თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, კრისტალი, ემბისი, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაცია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო და ეროვნული სასახლე.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციას კვირის მანძილზე გაგიზიარებთ ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.