ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს "საქართველოს ბანკთან" და სს "ბაზისბანკთან" ერთად, აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი".
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ფულის მნიშვნელობაზე და ქართული ეროვნული ვალუტა შემოქმედებითად დაუკავშირონ იმ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ; ხოლო შემდეგ, ეს ფიქრი და ემოცია, საყვარელი ხედები და ადგილები ბანკნოტის დიზაინში გადმოიტანონ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ხედვით შექმნან თავისუფალი ნომინალის ბანკნოტი, რომელიც ასახავს მათს ქალაქს, სოფელს, ან რეგიონს/კუთხეს - მის ისტორიას, კულტურას, ბუნებასა და სიმბოლოებს.
კონკურსის დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.