ფულის გლობალური კვირეული (შემდგომში - "კვირეული") ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2026 წლის კვირეული 16-22 მარტს აღინიშნება, დევიზით: "ისაუბრე ფულზე" (ENG: "Smart Money Talks").
ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - "ფინედუ") მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს "საქართველოს ბანკთან" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869) და სს "ბაზისბანკთან" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) ერთად, აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" (შემდგომში - "კონკურსი").
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ფულის მნიშვნელობაზე და ქართული ეროვნული ვალუტა შემოქმედებითად დაუკავშირონ იმ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ; ხოლო შემდეგ, ეს ფიქრი და ემოცია, საყვარელი ხედები და ადგილები ბანკნოტის დიზაინში გადმოიტანონ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ საკუთარი ხედვით შექმნან თავისუფალი ნომინალის ბანკნოტი, რომელიც ასახავს მათს ქალაქს, სოფელს, ან რეგიონს/კუთხეს - მის ისტორიას, კულტურას, ბუნებასა და სიმბოლოებს.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდებაა: "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი";
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 18 მარტი;
2.3 ნახატების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 29 მარტი;
2.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2026 წლის 07 აპრილს.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნახატს წინამდებარე განაცხადის მე-4.2 პუნქტში მითითებულ ვადაში.
3.2 კონკურსანტს ევალება, სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში, შექმნას ბანკნოტის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ბანკნოტის ორივე, წინა და უკანა მხარე და რომელიც უნდა შეიცავდეს ქვემოთ მითითებული ელემენტებიდან მინიმუმ ოთხს:
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები - მაგ.: "5", "10", "20" და ა.შ. კონკურსანტს საშუალება აქვს აირჩიოს არარსებული ნომინალიც, მაგ: 26 ლარის ბანკნოტი, 75 ლარის და ა.შ.;
ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მაგ: "ათი ლარი", "TEN LARI"; კონკურსანტის მიერ არჩეული ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და წარწერა ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.
ემიტენტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე - "საქართველოს ეროვნული ბანკი", "NATIONAL BANK OF GEORGIA";
გამოშვების წელი - "2026";
სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან;
ვერტიკალური დამცავი ძაფი;
ირისისებული ზოლი.
კონკურსანტს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს და დიზაინში გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი ესკიზი, წარწერა, სიმბოლო და ა.შ., რომელიც პასუხობს კონკურსის შინაარსს და წარმოაჩენს კონკურსანტის რეგიონს.
3.3 კონკურსანტი კონკურსში შეიძლება ჩაერთოს ერთზე მეტი ნახატით, თუმცა, გამარჯვებულად ერთი კონკურსანტი შესაძლოა დასახელდეს მხოლოდ ერთხელ;
3.4 ტექნიკური შესრულების მოთხოვნები:
ნახატის ფოტო ვერსია უნდა იყოს მაღალი ხარისხის და კარგად აღქმადი/გარჩევადობის მაღალი მაჩვენებლით;
ნახატი უნდა იყოს მანუალურად შესრულებული (არ მიიღება ციფრულ ფორმატში, ანუ კომპიუტერული პროგრამებითა და ხელოვნური ინტელექტით ("AI") შექმნილი ნამუშევრები). შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მასალა - აკვარელი, ზეთის საღებავი, ფანქარი, ფლომასტერი, და ა.შ.
3.5 ნახატი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
3.6 ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს ან წაშალოს კომენტარებიდან ისეთი ნახატები, რომლებიც არღვევს კონკურსის პირობებს.
4. საკონკურსო ნახატების წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 ნამუშევრის მოწოდების პროცესი:
16 წლამდე ასაკის კონკურსანტის შემთხვევაში, ნახატი უნდა წარმოადგინოს მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა;
16 და 17 წლის კონკურსანტის შემთხვევაში, ნახატი უნდა წარმოადგინოს კონკურსანტმა, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა;
ნახატი "ფინედუს" "Facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად უნდა ატვირთოს და მიუთითოს კონკურსანტის სახელი და ასაკი;
4.2 ნახატის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 მარტი.
5. ნამუშევრების განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები
5.1 საკონკურსო ნახატის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2026 წლის 07 აპრილს.
5.2 ნახატების განიხილავს და შეაფასებს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური:
საქართველოს ეროვნული ბანკი;
სს "ბაზისბანკი".
5.3 6 (ექვსი) გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის მიერ, შემდეგი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
6-9 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება 2 (ორი) გამარჯვებული;
10-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება 2 (ორი) გამარჯვებული;
14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება 2 (ორი) გამარჯვებული;
1 (ერთი) გამარჯვებული კი გამოვლინდება კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული".
5.4 კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებული გამოვლინდება "ფინედუს" "Facebook-ის" ოფიციალური გვერდის საკონკურსო პოსტის შესაბამისი ნახატის კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 2026 წლის 04 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია "Facebook-ის" პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ. მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული ასევე უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის ნამუშევარი, რომელსაც მიენიჭა ყველაზე მეტი რეაქცია და რომელიც სრულად შეესაბამება კონკურსის წესებს;
5.5 კონკურსის ფარგლებში ჟიურის მიერ დამატებით შესაძლოა გამოვლინდეს რჩეული ნამუშევრები საპრიზო ადგილების გარეშე.
5.6 ნახატების ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
კონკურსის მთავარ თემასთან და იდეასთან შესაბამისობა;
ნახატში გამოყენებული ელემენტების რაოდენობა;
შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
მხატვრული შესრულების ხარისხი.
5.7 არასაკმარისი რაოდენობით შემოსული ნაშრომების შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, განსხვავებული წესით გამოავლინონ გამარჯვებულები.
6. კონკურსის პრიზები
6.1.1 კონკურსის ფარგლებში წინამდებარე განაცხადის 5.3 პუნქტის მიხედვით გამოვლენილი 7 (შვიდი) გამარჯვებული დაჯილდოვდება ქვემოთ მოცემული პრიზებით:
6-9 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის რჩეული 2 (ორი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით. მათგან 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "საქართველოს ბანკი", ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "ბაზისბანკი";
10-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის რჩეული 2 (ორი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით. მათგან 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "საქართველოს ბანკი", ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "ბაზისბანკი";
14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის რჩეული 2 (ორი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით. მათგან 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "საქართველოს ბანკი", ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს "ბაზისბანკი";
მომხმარებლის რჩეულს დააჯილდოვებს "სს საქართველოს ბანკი" 500 ლარიანი ფულადი პრიზით.
დამატებით, შვიდივე გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს "ფინედუსგან".
6.1.2. იმ შემთხვევაში თუ კონკურსის ფარგლებში ჟიურის მიერ დამატებით გამოვლინდება რჩეული ნამუშევრები საპრიზო ადგილების გარეშე, მათ გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები და საგანმანათლებლო მასალები "ფინედუსგან".
6.2 6.1.1 და 6.1.2 პუნქტებით გათვალისწინებული პრიზების გადაცემის მიზნით, დასაჯილდოებელი ნამუშევრების წარმდგენი პირები ვალდებულები არიან, "ფინედუს" მოთხოვნის საფუძველზე, გაუზიარონ შემდეგი ინფორმაცია გონივრულ ვადებში, კერძოდ, გამარჯვებულის გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და შესაბამისი საცხოვრებელი/ფაქტობრივი მისამართი (საჩუქრების მიღების მიზნით).
6.3 ფულად პრიზებს სს "საქართველოს ბანკი" და სს "ბაზისბანკი" ბანკში მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად გასცემენ საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, რისთვისაც ისინი გამარჯვებულსა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსთხოვენ იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების დამადასტურებელ და თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას;
6.4 გამარჯვებულებზე ინფორმაცია "ფინედუს" საკომუნიკაციო არხებში გამოქვეყნდება გვართან ერთად.
7. პერსონალური მონაცემების დამუშავება
7.1 კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ფინედუს". მიღებული ნახატები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და/ან "ფინედუს" ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამის სოციალურ არხებში სათანადო ავტორის მითითებით. მიღებული ნახატები შესაძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "ფინედუმ" გაუზიაროს "ფულის გლობალური კვირეულის" ინიციატორებს ("GMW Secretariat"). ნახატის შესაბამისი ვებ-გვერდებიდან წაშლა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და "ფინედუს" გადაწყვეტილებით. ნახატები ისევე, როგორც ხსენებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
7.2 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი, ასევე, არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში - "დაინტერესებული პირი") ინფორმირებულია, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გაგზავნისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია დაინტერესებული პირის თანხმობა, მისი მომართვის განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას.
7.3 დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გარეშე, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის, ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ მითითებული, დამატებითი ინფორმაციის (გამარჯვებულის გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და საცხოვრებელი მისამართი, ხოლო შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში - 6.3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის) წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი საჩუქრის მიღებას.
7.4 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და გამარჯვებული კანდიდატების "Facebook" გვერდზე გასაჯაროებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება "Facebook" გვერდის არსებობის ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართები - წინამდებარე განაცხადის 6.1.1 და 6.1.2 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება.
7.5 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები, საჩუქრების გადაცემის მიზნით გაეგზავნება სს "ბაზისბანკს" და სს "საქართველოს ბანკს", რომლებიც ეროვნული ბანკისა და გამარჯვებული კონკურსანტებისგან მიღებულ მონაცემებს დაამუშავებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
7.6 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება, ასევე, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
7.7 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
7.8 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322 406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - "სახელმწიფო აუდიტის სამსახურს" ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
ინფორმაცია ქართული ფულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nbg.gov.ge/georgian-money;
ამას გარდა, საინტერესო ფაქტები ქართული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის განახლებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც მუშაობს სატესტო რეჟიმში: https://moneymuseum.nbg.gov.ge/