16 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერებისა“ და „სკოლა-ბანკის“ ტრენინგები საქართველოს სამ რეგიონში: თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე, ონლაინ ფორმატით ჩატარდა. სულ ოთხივე ნაკადის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების 80-მდე მასწავლებელი გადამზადდა.
„ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების“ ტრენინგების ფარგლებში განხილული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით საგან "მოქალაქეობაში" გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური საკითხები, მათ შორის: ფული, ბიუჯეტირება, გადასახადები, დაზოგვა, პასუხისმგებლიანი სესხება, ფინანსური უსაფრთხოება და მომხმარებლის უფლებები. თეორიულ საკითხებთან ერთად ტრენინგი პრაქტიკულ აქტივობებსა და სიმულაციებსაც მოიცავდა, რაც სამომავლოდ სხვა საგნებსა თუ საკლუბო მუშაობაში ინტეგრირების შესაძლებლობებსაც გააფართოებს. "სკოლა-ბანკის" ტრენინგების ფარგლებში კი სწავლების აქტიური, თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით განხორციელდა ფინანსური წიგნიერების ისეთი საკვანძო საკითხების გაცნობა, როგორებიცაა: დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების ჩასატარებლად ფიზიკური სივრცეები გამოყვეს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თელავისა და ბათუმის ტექნოპარკის სახით, ასევე, ქუთაისის ისტორიულმა მუზეუმმა.
ორივე ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა გაკვეთილების ჩატარებისთვის საჭირო სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
"სკოლა–ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) "სკოლა–ბანკისა" და „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების“ ტრენინგები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავებული პროგრამებია, რომლებიც უკვე თითქმის 10 წელია ხორციელდება. ტრენინგებზე გადამზადებული მასწავლებლები მე-7 კლასიდან და უფროსი ასაკის მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების საკითხებთან დაკავშირებულ ცოდნას ავრცელებენ შესაბამისად, არაფორმალური და ფორმალური განათლების არხებით. მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე პერიოდულად ქვეყნდება და მათზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს უფასოდ შეუძლია. დღემდე „სკოლა-ბანკის“ ტრენინგი 370-მდე, „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების“ ტრენინგი კი 980-მდე მასწავლებელმა გაიარა.