შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განიხილეს განხორციელებული აქტივობები, ჩატარებული ტრენინგების თემატური ანალიზი, მონაწილეთა უკუკავშირი და პროექტის გავლენის შეფასების ძირითადი მიგნებები. მონაწილეებმა განსაკუთებული ყურედღება გაამახვილეს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე ფინანსური განათლების ამაღლებისა და ადგილობრივ დონეზე ცოდნის გავრცელების მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის.
პროექტის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ მის პრაქტიკულ და ადამიანურ მხარეში გამოჩნდა. ტრენერებმა შეხვედრაზე რეგიონებში მუშაობის გამოცდილება გააზიარეს - მათ შორის იმ სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
ერთ-ერთი ტრენერის თქმით:
შეხვედრების უმეტესობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩატარდა. ყველაზე მეტად გადაადგილებისა და ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები მაშინებდა, თუმცა ადგილზე მოსახლეობის მოლოდინი და ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს ძალისხმევა ნამდვილად ღირდა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა მაღალმთიან რეგიონებში. ერთმა ტრენერმა აღნიშნა:
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები განსაკუთრებულად მოტივირებულები იყვნენ შეხვედრებზე დასასწრებად. მათთვის განხილული თემები ახალი და საინტერესო იყო, რის გამოც არაერთხელ გამოთქვეს მსგავსი შეხვედრების გაგრძელებისა და განმეორებითი შეხვედრების ჩატარების სურვილი.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა პროექტის განვითარების სამომავლო ხედვაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონებში ფინანსური განათლების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას, ადგილობრივი ტრენერების ქსელის გაძლიერებას და მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის საგანმანათლებლო აქტივობების გაფართოებას.
პროექტი "ფინედუს ტრენერი" საპილოტე ფორმატით საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" მიერ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, მომზადებულმა ფინედუს ტრენერებმა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტისთვის 89 საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს, რომელშიც 967 ადამიანი მონაწილეობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვრისპირა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაიმართა.