საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge) საგანმანათლებლო პროექტი „სკოლა-ბანკი“ დაფარვის არეალს კიდევ უფრო აფართოვებს.
ფინანსური განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგები ამჯერად არაფორმალური განათლების დაწესებულების, კერძოდ, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის ტრენერებისათვის ჩატარდა.
ტრენინგი 24-25 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში მიმდინარეობდა და მას აკადემიის სხვადასხვა ფილიალიდან 10 ტრენერი ესწრებოდა. სესიებზე, ტრადიციულად, განხილული იყო ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი, რომელიც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის, დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცათ.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ტრენერები სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში დანერგავენ და აკადემიის მოსწავლეებს „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
„სკოლა-ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მარტივად, მოზარდებისთვის მისაღები ენითა და სახალისო ფორმატითაა გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.
ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ტრენინგების 12 ნაკადი ჩაატარა და 200-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადაამზადა.