საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) მიმდინარე 2023 წლის განმავლობაში ტრადიციულად, ყოველ პარასკევს მასპინძლობდა მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისში.
მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ფინედუს გუნდისა და სებ-ის დეპარტამენტების თანამშრომლები ესაუბრებოდნენ დაზოგვის, ბიუჯეტირების საბანკო პროდუქტების ფინანსური სისტემის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა საინტერესო საკითხებზე. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, შეესრულებინათ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოები და ემსჯელათ მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე. ეროვნული ბანკის ოფისს სტუმრობდნენ არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველო სხვადასხვა რეგიონის სკოლებიც. შეხვედრები ტარდებოდა როგორც ცალკეული კლასის, ასევე ფინანსური განათლების კლუბების წარმომადგენელ მოსწავლეებთან.
2023-2024 სასწავლო წლის I სემესტრის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ესტუმრნენ შემდეგი სკოლები და ორგანიზაციები:
თბილისის, ზურაბ იარაჯულის სახელობის 106-ე საჯარო სკოლა
106-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების: თამარ ჩოკოშილის, ქეთი აბსავასა და თამარ გეგიძის თხოვნით მე-7 - მე-8 კლასის მოსწავლეები სამ ეტაპად ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისს, რამაც შესაძლებლობა მისცა ამ სკოლის 65 მოსწავლეს მიეღო ინფორმაცია თემაზე: „დაზოგვა, ბიუჯეტირება და საბანკო პროდუქტები“.
ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)
ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებითა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტის, ნინო ცაავას, თხოვნით საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისს ესტუმრნენ ორგანიზაციის მოხალისეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სკოლის მე-8 - მე-12 კლასებში სწავლობენ. ისინი გაეცნენ ინფორმაციას ფინანსური სისტემისა და უსაფრთხოების შესახებ.
თბილისის 158-ე საჯარო სკოლა
თბილისის 158-ე სკოლის მასწავლებელი ხათუნა გოგოჭური აქტიურად თანამშრომლობს ფინედუსთან და მის არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. სწორედ მისი სურვილით ესტუმრნენ ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ეროვნული ბანკს და გაიარეს ტრენინგი თემაზე „ფინანსური სისტემა და უსაფრთხოება“
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მუღანლოს და სოფ. სართიჭალის N1 საჯარო სკოლები
გამორჩეულად აღსანიშნავია სოფ. მუღალნოს და სოფ. სართიჭალის საჯარო სკოლების ერთობლივი ვიზიტი ეროვნული ბანკის ოფისში, ვიზიტს განსაკუთრებით გამოარჩევდა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული და ქართული ეროვნების მე-8 - მე-10 კლასის მოსწავლეები ერთად დაესწრნენ ტრენინგს თემაზე „ფინანსური სისტემა და უსაფრთხოება“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ორივე სკოლის მასწავლებლის ქეთი ქიტესაშვილის როლი მოსწავლეების დაინტერესებაში ფინანსური განათლების მიმართულებით.
თბილისის 172-ე საჯარო სკოლა
თბილისის 172-ე სკოლის მასწავლებელს ნესტან კუბლაშვილს ფინედუს ერთ-ერთ ტრენინგში „სკოლა-ბანკში“ მონაწილეობის დროს გაუჩნდა სურვილი, ეროვნული ბანკის ოფისში საკუთარ მოსწავლეებთან ერთად განეხორციელებინა ვიზიტი. მე-8 - მე-9 კლასის დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ინფორმაცია თემაზე „ფინანსური სისტემა და უსაფრთხოება“.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
ეროვნული ბანკის ოფისში სტუმრობის სურვილით მოგვმართა ამერიკული აკადემიის მასწავლებელმა ირმა ჭელიძემ, რომელიც უკვე დიდი ხანია მათემატიკასთან ერთად მოსწავლეებს აწვდის ფინანსურ განათლებასაც. მოსწავლეებმა ვიზიტამდე გამოგვიგზავნეს კითხვები მათთვის განსაკუთრებით საინტერესო თემებზე. კითხვები ეხებოდა, ინფლაციის მართვის პროცესს, ვალუტის გაცვლითი კურსის დადგენის პრინციპებსა და საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებს. დაინტერესებულ მე-12 კლასის მოსწავლეებს ფინედუს წარმომადგენელთან ერთად შეხვდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების თანამშრომელიც, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფინანსური სისტემის შესახებ და პასუხი გაეცათ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე.
გორის შპს სკოლა „ეისი“ და მე- 9 საჯარო სკოლა
ეროვნული ბანკის ოფისში მოსწავლეების ვიზიტის სურვილით მოგვმართა ფინედუს ერთგულმა მეგობარმა ნინო ლომიძემ, რომელსაც აქტიურად აქვს მონაწილეობა მიღებული ფინედუს არაერთ პროექტში. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა და ფინედუმ უმასპინძლა გორის სკოლა „ეისის“ და მე-9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც მოისმინეს ტრენინგი თემაზე: „დაზოგვა, ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები“.
გორის სოფ. ტინისხიდის საჯარო სკოლა
ტინისხიდის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მერი ტერუნაშვილი, ფინედუს პროექტებში ერთ-ერთი გამორჩეულად აქტიური მასწავლებელია. მანაც სწორედ ფინედუს ერთ-ერთი პროექტიდან „ტრენინგები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის“ შეიტყო ეროვნულ ბანკში მოსწავლეთა ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ და დაარეგისტრირა საკუთარი კლასიც. მე-9 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “ფინანსური სისტემა და უსაფრთხოება“.
გორის სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლა
გორის სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მიმოზა ღოლიჯაშვილმა ფინედუს ერთ-ერთ პროექტში „სკოლა ბანკში“ მონაწილეობის შემდეგ წამოიწყო ძალიან საინტერესო პროექტი „ფინანასური განათლება-გზა შენი წარმატებისკენ“, რომლის ფარგლებშიც სურვილი გამოთქვა, ეროვნულ ბანკში განეხორციელებინა ვიზიტი მე-10 - მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად. ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ბანკში ვიზიტის დროს დაესწრნენ ტრენინგს თემაზე: „ფინანსური სისტემა და უსაფრთხოება“.
ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლა
თბილისის 150-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების ერთი ნაწილი, მათი მასწავლებლის ხათუნა ზაბახიძის თხოვნით, უკვე ესტუმრა ეროვნული ბანკის ოფისს და მოისმინა ტრენინგი „დაზოგვა, ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტების“ შესახებ. ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების მეორე ნაწილისთვის კი შეხვედრა უკვე ჩანიშნულია მომავალი წლისთვის.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს 600-მდე მოსწავლე ეწვია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისში ვიზიტი და ფინედუს წარმომადგენლებთან შეხვედრები ახალი წლიდან რამდენიმე სკოლასთან უკვე ჩანიშნულია და ფინედუ მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას.
მასწავლებლებს კი, რომლებსაც სურთ ფინედუსთან მსგავსი თანამშრომლობა, შესაძლებლობა აქვთ, დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge . საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა ფინედუს მხრიდან მოხდება მომართვის რიგითობის გათვალისწინებით.