კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს საგაზაფხულო აქტივობები სკოლებთან

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) მიმდინარე წლის გაზაფხულზე აქტიურ თანამშრომლობას ახორციელებდა სკოლებთან და მათი მოთხოვნის საფუძველზე არამხოლოდ სტუმრობდა მოსწავლეებს  საკლასო სივრცეში, არამედ მასპინძლობდა კიდეც ეროვნული ბანკის ოფისში.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული თანამშრომლობა წინა პერიოდშიც ხორციელდებოდა, თუმცა 2023 წლის გლობალური ფულის კვირეულის შემდეგ სკოლების მხრიდან დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა. ფინედუს წარმომადგენლები მოიწვიეს თბილისის რამდენიმე სკოლაში, ხოლო ეროვნული ბანკის სათაო ოფისში სტუმრობის სურვილი გამოთქვა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებმაც.  სკოლების უმრავლესობას უკვე შექმნილი აქვს ფინანსური განათლების სასკოლო კლუბები, რომელშიც გაწევრიანებული არიან სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები. შეხვედრები ჩატარდა როგორც კლასებთან ასევე ფინანსური განათლების კლუბებთან.  

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ინფორმირებულობა, დაზოგვის წახალისება, ფინანსური სისტემების გაცნობა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება მოზარდებში. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, შეესრულებინათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და  ემსჯელათ მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე. 

ფინედუს წარმომადგენელთან შეხვედრები ჩატარდა ქვემოთ ჩამოთვლილ სკოლებთან. 

თბილისის 182-ე საჯარო სკოლა

182--ე საჯარო სკოლის მასწავლებლის ნანა ნათიძის თხოვნით მცირე საგრანტო პროექტის „შესაძლებლობა ასახეთ ფინანსებში“ მონაწილე მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისს, სადაც მათ ჩაუტარდათ გაკვეთილი ფინანსური სისტემების და უსაფრთხოების შესახებ.

რუსთავის  ჟიური  Შარტავას  სახელობის მე-4 საჯარო სკოლა

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის აქტიურობით ფინედუს სხვადასხვა პროექტში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ეროვნული ბანკის სათაო ოფისს, მასწავლებლის ლელა კაპანაძის თხოვნით, ესტუმრნენ მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პროექტებში „მოიწვიე ფინედუ კლასში“  და „ფინანსური განათლება ონლაინ“. შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა შეხვედრებზე მიღებული ცოდნა, გაეცნენ ფინანსურ სისტემებს და უსაფრთხოებას.

სოფელ ბარეთის საჯარო სკოლა

ბარეთის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ფინანსური განათლების კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან მოსწავლეები მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ბარეთის საჯარო სკოლის ფინანსური განათლების კლუბი აერთიანებს როგორც ქართველ, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს.  კლუბის ხელმძღვანელისა და ამავე სკოლის მასწავლებლის ეკატერინე ფანგანის თხოვნით, ეროვნული ბანკის სათაო ოფისს ესტუმრნენ ფინანსური განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები, რომლებმაც მოისმინეს თეორიული მასალა და იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობაზე, ფინანსურ სისტემებსა და უსაფრთხოებაზე.

თბილისის საერთაშორისო სკოლა

თბილისის საერთაშორისო სკოლა გამორჩეულად აქტიური აღმოჩნდა ფინანსური განათლების გავრცელების საკითხში. აქ დაიგეგმა და განხორციელდა შიდასასკოლო კონფერენცია ჩაატარა თემაზე „ფინანსური პირამიდა“. კონფერენციას უძღვებოდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც, ასევე, შექმნილი აქვთ ფინანსური განათლების კლუბი ამავე სკოლის მასწავლებლის ზურა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. კონფერენციაზე მიწვეული იყო ფინედუს წარმომადგენელიც, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ფინანსური სისტემები და უსაფრთხოება. 

თბილისის მე-10 საჯარო სკოლა

ფინანსური განათლების კლუბი აქვს შექმნილი მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელსაც ნონა ფიფიას, რომელშიც გაწევრიანებულია ფინანსური განათლებით დაინტერესებული მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ქალბატონი ნონას თხოვნით ფინედუს წარმომადგენელი ეწვია კლუბს. შეხვედრის ფარგლებში, საუბრის მთავარი თემა იყო დაზოგვა, ფულის ისტორია და ფულის დამცავი ნიშნებით, თუმცა მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე საუბარი შეეხო ფინანსურ სისტემებსაც.

                                                                                                                                                                                  

აკაკი კივილაძის სახელობის ქ. თბილისის მე-8 საჯარო სკოლა

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ფინედუს დესპანების სკოლებში ვიზიტის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო საკითხები ფულისა და დაზოგვის შესახებ, ასევე, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე, თბილისის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მაკა გველეთიანმა და ნინო ტოკლიკიშვილმა გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ საკითხებზე მჯელობა. სწორედ ამ მიზნით ფინედუს წარმომადგენელი მიიწვიეს  მე-5 კლასების მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებშიც ისაუბრებს როგორც ფინანსური, ისე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, ფულის ისტორიასა და ეკოლოგიის შესახებ. 

ფინედუს წარმომადგენლების შეხვედრები მოსწავლეებთან სწავლის დაწყების შემდეგაც აქტიურად განახლდება.

მასწავლებლებს, რომლებსაც სურთ ფინედუსთან მსგავსი თანამშრომლობა, შესაძლებლობა ექნებათ, დაგვიკავშირდნენ და სექტემბრიდან ერთად, რიგითობის გათვალისწინებით დავგეგმოთ საინტერესო აქტივობები მათი მოსწავლეებისა თუ ფინანსური განათლების კლუბის წევრებისათვის.