საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუმ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ორგანიზებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები IX-XI კლასების მოსწავლეებისათვის 2 დღიანი ონლაინ ტრენინგები ჩაატარა.
ტრენინგები ფინანსური განათლების საკითხებზე 10-11 და 17-18 ოქტომბერს 2 ნაკადად ჩატარდა და მათ ჯამში 80-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. შეხვედრის სასაუბრო თემები მოსწავლეების ასაკსა და ინტერესების გათვალისწინებით იყო აგებული. ფინედუს გუნდის წარმომადგენელი მოსწავლეებს ესაუბრა დაზოგვის, ბიუჯეტირების, საბანკო პროდუქტების, ფინანსური სისტემის, ფინანსური უსაფრთხოებისა და სხვა საინტერესო საკითხებზე.
ფინედუსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა კი გრძელდება და ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სხვა მიზნობრივი სეგმენტებისთვისაც არაერთი ერთობლივი თემატური ღონისძიება განხორციელდება.