ტრენინგკურსი 10-დან 14 ნოემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ემიგრანტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ტრენინგკურსი მიზნად ისახავდა ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით. ფინანსური განათლების შესახებ ცოდნის ამაღლება ემიგრანტებს ფინანსური მიზნების დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებათ.
ვებინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, შემოსავლების მართვა და მასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, ფინანსური დამოუკიდებლობა, ინვესტირება, მეწარმეობა, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, საბანკო პროდუქტები, ფულადი გზავნილები, ფინანსური სისტემა და ა.შ.
ვებინარის მონაწილეებს გადაეცათ, ტრენინგკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი ორ ენოვანი (ქართულ/ინგლისური) სერტიფიკატები.
ფინედუს ორგანიზებით აღნიშნული ტრენინგკურსის რამდენიმე შეხვედრა წინა პერიოდშიც ჩატარდა როგორც ონლაინ, ისე პირისპირი შეხვედრის ფორმატით და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით კი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები პრიორიტეტულ მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენენ.