კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ სტუდენტების სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ და გააცნეს სტაჟირებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული ბანკის სხვადასხვა მიმართულების სპეციფიკას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, გასაუბრებოდნენ მათს წარმომადგენლებს და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი.

ღონისძიებაზე ეროვნული ბანკის სხვა დეპარტამენტებთან ერთად წარმოდგენილი იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, კერძოდ კი მისი ფინანსური განათლების განყოფილება, სადაც სტაჟირების გავლის შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით გამოცხადდა, მათ შორის, ვებსაიტის www.finedu.gov.ge-ს განვითარების, ყოველწლიური ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების მიმართულებით.

ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენლები პორტალის www.Finedu.gov.ge-ს სტენდთან ელოდნენ სტუდენტებს. ფინედუს გუნდში სტაჟირების გავლის შესაძლებლობით არაერთი სტუდენტი დაინტერესდა. მათ სასურველი დამაზუსტებელი ინფორმაციის მიღების გარდა, პირადი რეზიუმეების დატოვების შესაძლებლობაც მიეცათ.  

 

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ ჯერ ისევ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ეროვნული ბანკის სტაჟირების პროგრამაში და გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმეები სებ-ის ამ ბმულის საშუალებით. 

 

"დღეს ეროვნული ბანკისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, ეს არის "სტაჟირების და კარიერული განვითარების ფორუმი". მოხარულები ვართ, რომ დღეს სტუდენტების მხრიდან ასეთი მაღალი დაინტერესება და ჩართულობა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი გზავნილი გვინდოდა მიგვეტანა სტუდენტებამდე, რომ ეროვნული ბანკი არამხოლოდ პროფესიონალებთან ურთიერთობის გამოცდილებას, არამედ განათლების და მუდმივად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის ასპარეზი, არამხოლოდ ცოდნის რეალიზების, არამედ ახალი უნარების და გამოცდილების შეძენის. სტაჟირების ფორუმში ჩართულ სტუდენტებს სამომავლოდ როგორც კარიერული, ასევე პიროვნული ზრდისთვის საინტერესო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა.