15 ივნისს ფინედუ საერთაშორისო კონკურსის SAGE Georgia 2025-ის ფინალის ღონისძიებაში ჩაერთო. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 14-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს 5 რეგიონიდან. შესარჩევ ტურში მათ წარადგინეს საკუთარი ბიზნეს და სოციალური მეწარმეობის პროექტები. ფინალისტების შერჩევისას შეფასდა არა მხოლოდ წარმოდგენილი ბიზნესმოდელები, არამედ მათი გავლენა გარემოსა და საზოგადოებაზე, მდგრადობა და ინოვაციური მიდგომები. ფინალურ ეტაპზე 9 გუნდის 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. საბოლოოდ გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2025 წლის სექტემბერში საქართველოს სახელით სხვა 30 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად უკვე SAGE-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება.
კონკურსი ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის (ELYEA) ორგანიზებით გაიმართა. SAGE Georgia (www.sagegeorgia.ge) საერთაშორისო პლატფორმა და გლობალური ქსელის ნაწილია (Students for the Advancement of Global Entrepreneurship), რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას სოციალური პასუხისმგებლობის მეწარმეობისა და ანტერპრენერული აზროვნების ხელშეწყობით, ახალისებს ინოვაციური და მდგრადი ბიზნესპროექტების შემუშავებას.
ფინედუს წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრაზე ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობასა და ეროვნული ბანკის პროექტებზე, ასევე, ყველა მონაწილეს მის მიერ შემუშავებული ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა გადასცა.
ფინედუ მიესალმება მსგავსი ტიპის სხვა ინიციატივებსაც და მომავალშიც განაგრძობს შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერას.