კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში" გამართულ შეხვედრაში ჩაერთო

17 დეკემბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოში უმასპინძლა ფულადი გზავნილების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა  და კომერციული ბანკების წარმომადგენლები, სადაც განიხილეს ფინანსური წიგნიერებისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესება ქართველი მიგრანტებისა და მათი ოჯახებისთვის.

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლები განყოფილების წარმომადგენელმა შეაჯამა და წარადგინა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2025 წელს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების სეგმენტისათვის განხორციელებული პროექტები და აქტივობები და გააჟღერა იდეები შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში IOM საქართველომ გააზიარა საბაზისო კვლევის წინასწარი შედეგები,  რომლის ფარგლებში გამოიკვეთა ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებით საბერძნეთში მცხოვრები ქართველი შრომითი მიგრანტების ცოდნა და გამოცდილება. პირველადი შედეგებით გამოვლინდა, რომ მიგრანტები უპირატესობას ანიჭებენ ქართულ ბანკებში დანაზოგების გაკეთებას, რაც ხაზს უსვამს არსებული ფინანსური პროდუქტების განვითარების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ფინანსური მომსახურებისა და მიზნობრივი განათლების ამაღლების პროგრამების გაფართოების საჭიროება, რაც ერთი მხრივ, გააუმჯობესებს მიგრანტებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობას, ხოლო მეორე მხრივ, საფინანსო ორგანიზაციებს დაეხმარება არსებული მომსახურებების მეტად განვითარებაში. 

ფულადი გზავნილების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროგრამის "დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" (R-EMPOWER) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით და მიზნად ისახავს მიგრანტებში ფინანსური წიგნიერების ამაღლებას და ფულადი გზავნილების, დანაზოგებისა და საინვესტიციო პროდუქტების გაუმჯობესებას.