კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ბავშვებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე პრაქტიკა - ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები“, ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომელმა თინათინ გუჯაბიძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, რომლებიც ბავშვების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას ემსახურება და ხელს უწყობს მათ ინფორმირებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად აღზრდას, რაც თავის მხრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. აღნიშნულ აქტივობებში აღსანიშნავია ფინანსური წიგნიერების საკითხების ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მასწავლებლების გადამზადება, ასევე არაფორმალური აქტივობები, როგორიცაა პროექტი „სკოლა-ბანკი“ და „მოიწვიე ფინედუ კლასში“, რომლებიც ბავშვებისთვის ფინანსური წიგნიერების საკვანძო საკითხებზე გაკვეთილების ჩატარებას სახალისო აქტივობებითა და თამაშებით გულისხმობს.
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დამცველი მარეგულირებელი, ტრადიციულად შეუერთდა კონფერენციას, მათ შორის სებ-ის პრეზიდენტსა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად.