მოსწავლეების სამუშაო თემებს შორის ფინანსური განათლების 2 საკითხიც იყო, კერძოდ, "ფინანსური წიგნიერება" და "ციფრული უსაფრთხოება". მოსწავლეებმა ჯგუფებში იმუშავეს და ეროვნული სასახლის მედიათეკის კლუბების მენტორების მხარდაჭერით შექმნეს და წარადგინეს პროექტები, რომლებსაც წლის ბოლომდე განახორციელებენ კიდეც. ფინედუ კი ორივე გუნდის წევრებს აქტიურად დაეხმარება საგანმანათლებლო კომპონენტების სრულყოფის მიმართულებით.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მთავარ სეგმენტს მოსწავლე-ახალგაზრდობა წარმოადგენს. შესაბამისად, ფინედუს პრიორიტეტებს შორის არის ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერაც, რომლებიც ახალგაზდა თაობაში ფინანსური საკითხების აქტუალობაზე მსჯელობას, გამოწვევების აღმოჩენასა და მათს საპასუხო ქმედებებს წაახალისებს. ამიტომ ფინედუ სამომავლოდაც გამოთქვამს მზაობას, ჩაერთოს დაინტერესებული მხარეების ისეთ პროექტებში, რომლებიც ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება.