კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

“ფინედუ ემიგრანტების მხარდასაჭერად” - ფინედუზე მორიგი ტრენინგკურსი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ ემიგრანტების ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს. ფინედუმ თიბისი ბანკის ჩართულობით ემიგრანტებისთვის ონლაინ პლატფორმაზე  ერთკვირიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგკურსი (ვებინარი) ჩაატარა.

ტრენინგკურსი 23-დან 28 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ემიგრანტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ტრენინგკურსი, როგორც მისი სახელწოდებაც მიუთითებდა, მიზნად ისახავდა ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე.  

ამჯერად, ტრენინგკურსს უძღვებოდნენ ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის წარმომადგენლები. ვებინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, შემოსავლების მართვა და მასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, ფინანსური დამოუკიდებლობა, ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, საბანკო პროდუქტები, ფულადი გზავნილები, ფინანსური სისტემა და ა.შ. 

ტრენინგის მოდულის შემუშავებას საფუძვლად დაედო მცირე მიზნობრივი კვლევის შედეგები,  რომლითაც გამოიკვეთა ემიგრანტებისთვის საინტერესო ისეთი საკითხები, რის შესახებ ცოდნის ამაღლება, მათი აზრით, ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებოდათ. 

აღნიშნული ტრენინგკურსის 2 სესია მიმდინარე წლის ზაფხულშიც ჩატარდა. ჯამში სამივე სესიაზე 90-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით კი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები პრიორიტეტულ მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენენ. ფინედუ მომავალშიც არაერთ აქტივობას შემოგთავაზებთ მათს მხარდასაჭერად.