კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ 2025 წლის პროექტებს აჯამებს

ფინანსურად განათლებული მოქალაქეები  სწორ, გააზრებულ და გაცნობიერებულ არჩევანს აკეთებენ ფინანსური პროდუქტებით სარგებლობისას თუ პირადი ფინანსების მართვისას, რაც მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობისთვის  და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სტაბილურობასა და მდგრადობაზე აისახება. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ფინანსური განათლების ამაღლებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუ" ყოველწლიურად მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს ქმნის და უზიარებს საზოგადოებას. 

2025 წელი გამორჩეული იყო როგორც ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით, ისე ამ რესურსებზე ხელმისაწვდომობის  ზრდით. ეს წელი რეგიონალური პროექტების წლად გამოცხადდა და, შესაბამისად, პროექტებისა და ღონისძიებების ძირითადი ფოკუსი საქართველოს რეგიონების მოქალაქეთათვის ფინანსური განათლების ცოდნისა და რესურსების მიწოდება იყო.  

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში, ფინედუს პროექტებში ჩაერთო 20,000 მდე პირდაპირი ბენეფიციარი. 

ფინედუ მასწავლებლებისთვის

მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით დაინიცირდა ყოველწლიური კონკურსი „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“. 

წლის განმავლობაში ფინედუს საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში  394 მასწავლებელი ჩაერთო, მათ შორის, 201-მა მასწავლებელმა გაიარა სპეციალური ტრენინგები: “სკოლა ბანკი“ და “ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში”.

ახალი საგანმანათლებლო რესურსები

2025 წელი ახალი საგანმანთლებლო რესურსების შექმნით გამორჩეული წელი იყო.  შეიქმნა 8 ახალი რესურსი - კომიქსები, ფაზლები, სამაგიდე თამაშები, რომელთა ნაწილი უკვე გადაეცა შესაბამის ბენეფიციარებს, მათ შორის, მასწავლებლებსა და ტრენერებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ფინანსური განათლების გავრცელებაში. 

ფინედუს კუთხე" სკოლის ბიბლიოთეკაში

საქართველოს რეგიონების  7 ქალაქისა და 9 სოფლის 21 სკოლაში,  ფინედუს კუთხე მოეწყო.  მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ აქ განთავსებული რესურსებით: შეავსონ ფინანსური კროსვორდები, ააწყონ ფაზლი, ითამაშონ „ფინანსური ასოციაციობანა“, გამოიცნონ სიტყვები, წაიკითხონ მართას და თომას თავგადასავლები. აღნიშნული საგანმანათლებო რესურსების გამოყენებით კონკურსში გამარჯვებულმა მასწავლებლებმა  უკვე 1500 ზე მეტ მოსწავლეს გადასცეს ფინანსური განათლების საკითხები თამაშითა და სახალისო აქტივობებით.

ფინედუ მოსწავლეებისათვის  - "მოიწვიე ფინედუ კლასში"

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში ფინანსური განათლების საკითხებზე სასაუბროდ ფინედუ  საქართველოს 300 სკოლას ვეწია და 9000 -მდე მოსწავლეს ჩაუტარა ინტერაქტიული გაკვეთილი. 

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ ახალი რესურსები. 

წლის განმავლობაში ფინედუს პროექტებში ჩაერთო 14,802 მოსწავლე, ხოლო ფინედუს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებში, დამატებით, ჩაერთო 1,096 მოსწავლე.

ფინედუ სტუდენტებისათვის - "მარეგულირებლის დილემა"

სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისების მიზნით შეიქმნა პროექტი "მარეგულირებლის დილემა". წლის განმავლობაში ფინედუს პროექტებში ჩაერთო 412 სტუდენტი.

"ლარი 30 წლისაა"

ლარის 30 წლის აღნიშვნას არაერთი პროექტი მიეძღვნა. ჩატარდა სხვადასხვა კონკურსი და შეიქმნა სასწავლო რესურსები, რომლებიც საქართველოს ეროვნული ვალუტის „ლარის“ ისტორიას აცნობს მოსახლეობას. 

კონკურსის "ლარი 30 წლისაა" ფარგლებში 6-18 წლის 555 მონაწილე ჩაერთო, ლარის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიიღო "მოიწვიე ფინედუ კლასში" მონაწილე ყველა მოსწავლემაც. 

ფინედუს ტრენერები რეგიონებში 

პროექტის „ფინედუს ტრენერი“ ფარგლებში გადამზადებულმა ფინედუს ტრენერებმა, რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სეგმენტის მოსახლეობისთვის 89 შეხვედრა ჩაატარეს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 967 იყო. აღსანიშანვია, რომ სოფლების უმეტესობა, რომელშიც შეხვედრები ჩატარდა საზღვრიპირა იყო. 

ფინედუს თემატური კონკურსები 

ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით  წლის განმავლობაში ფინედუმ 9 კონკურსი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ჰქონდა სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.

კონკურსების საერთო წვდომა იყო 5,510 პირდაპირი ბენეფიციარი. 

ფინედუ ემიგრანტებისთვის

წლის განმავლობაში ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა პირისპირ შეხვედრები, ასევე გაიმართა ვებინარები და ტრენინგები. 114 მეტი ემიგრანტი და მათი ოჯახის წევრი ჩაერთო ფინედუს პროექტებში. 

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ფინანსური განათლების მიმართულებით  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

ემიგრანტთა საერთაშორისო დღეს ფინედუმ ონლაინ პანელური დისკუსია გამართა თემაზე: "საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისათვის"

"წინ და წინ: ფინანსობანა"

2025 წელს შეიქმნა  ფინანსური განათლების პირველი ინტერაქტიული სკოლის მოსწავლეებისათვის.

7 ქალაქი, 26 საჯარო სკოლა და 1,000 ზე მეტი მოსწავლე — ასე შეიძლება შეჯამდეს ფინანსური განათლების შესახებ პირველი სპექტაკლის „წინ და წინ: ფინანსობანას“ საოცარი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში.

2025 წელი მრავალმხრივ საინტერესო იყო ფინედუსთვის, აღსანიშნავია, რომ პლატფორმას (www.finedu.gov.ge) დაემატა ახალი კონტენტი ინვესტირების, ასევე ოჯახის ფინანსების მართვისა და ქალების  მიმართულებით. 

ფინანსური განათლების გავრცელების გზაზე წლის განმავლობაში არაერთი შიდა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მათი მხარდაჭერით ბევრი იდეა რეალობად იქცა. აქვე, მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისა და გაწეული რესურსისთვის. 

ფინედუ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფინანსური განათლების საინტერესო პროექტისა და რესურსის შექმნას  და დარჩება მოქალაქეთა მუდმივ ფინანსურ მეგზურად როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში.