დღეს, 1-ელ სექტემბერს ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს ჟიურიმ კონკურსის 5 ფინალისტი მასწავლებელი გამოავლინა.
ესენი არიან:
ამირან ხიმშიაშვილი
მოქალაქეობის მასწავლებელი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლა
თეა ხუროშვილი
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა/ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლა
ირმა ჯოჯუა
მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა / სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა
მაია არახამია
მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და ისტორიის მასწავლებელი, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა
მარიამ ბოლქვაძე
ბიზნეს უნარებისა და ლიდერობის მასწავლებელი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო ყოველწლიური კონკურსია, რომელიც გასულ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით დაარსდა.
კონკურსის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გამოყენებით. ასევე, კონკურსი ხელს უწყობს იმ მასწავლებლების მოტივაციას, გამოვლენასა და აღიარებას, ვინც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამორჩეულ წვლილს შეიტანს მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებაში ფინანსური განათლების პოპულარიზაციისა და ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში.
კონკურსის ფარგლებში დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები - გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. კონკურსის ჟიური სწორედ მათ მიერვე, ერთიანი განაცხადის ფორმაში თავმოყრილ ყველა ასეთი აქტივობისა და შექმნილი მასალის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და კონკურსანტები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ბანკის, ბაზისბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
კონკურსის გამარჯვებული - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი კი, 11 სექტემბერს, დაჯილდოების სპეციალურ ღონისძიებაზე დასახელდება, რომელსაც ბაზისბანკი კონკურსის ფარგლებში დაწესებულ ფულად პრიზს, 5000 ლარს გადასცემს.