კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

OECD/INFE
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო ფინანსური განათლების თემაზე გამართულ საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაში - "ფინანსური განათლება გაურკვეველ დროში". აღნიშნული კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) 5 წლიანი ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, წელს უკვე მეოთხედ ხორვატიის ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ტექნიკური დახმარების პროექტი საქართველოსთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას (ბულგარეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია) აერთიანებს და რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კონფერენციის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

კონფერენციას, პროექტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ და საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მოწვეულმა ექსპერტებმა.

მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონეზე და განიხილეს ფინანსური განათლების პროგრამები ისეთი სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა ახალგაზრდები და ასაკოვანი მოსახლეობა. ამასთან, განიხილეს მონაწილე ქვეყნების კულტურასა და ფინანსურ განათლებას შორის დამოკიდებულება, ფინანსური განათლების ციფრული გზით გავრცელების შესაძლებლობები, პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება მეწარმეების ფინანსური განათლების ამაღლებისთვის გადადგმული ნაბიჯებისა და, ასევე, ფინანსური განათლების დისტანციურად გავრცელების მიმართულებით.

კონფერენციას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ეროვნულ ბანკსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

"მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებული გეოპოლიტიკური თუ ისტორიული გარემოა, გამოწვევები და მიზნები საერთოა. ყველა ვაცნობიერებთ მოსახლეობის ფინანსური განათლების მნიშვნელობას როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქის, ისე, მთლიანი სახელმწიფოსთვის და გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავუზიაროთ გამოცდილება და გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენი საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა.