კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია გახსნა

WSD
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლას ეწვია, მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა და სკოლის ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.

აღნიშნული ვიზიტი დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაცო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესაც ეძღვნება. სწორედ ამიტომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად ლარის გამოცხადების დღეს დაიწყო და 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დასრულდება. 

კამპანიის ფარგლებში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები თბილისისა და რეგიონების 250-მდე კლასს ეწვევიან და საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილს 5,000-მდე მოსწავლეს ჩაუტარებენ, მათ შორის, რეგიონების იმ სკოლებშიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში - "ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში" - გაიმარჯვეს და საკუთარი ბიბლიოთეკების აღსაჭურვად ბეჭდური საგანმანათლებლო მასალა მიიღეს.  

აღსანიშნავია, რომ ფლავის საჯარო სკოლა სწორედ ზემოაღნიშნული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ეროვნული ბანკის თანამშრომლები კონკურსის გამარჯვებულ დანარჩენ 20 სკოლასაც ეწვევიან და ბიბლიოთეკებში მოწყობილი ფინედუს კუთხეებისათვის ახლად შექმნილ დამატებით ბეჭდურ რესურსებსაც გადასცემენ. 

მსოფლიო დაზოგვის დღის წლევანდელი კამპანია  სკოლებში ვიზიტები ხორციელდება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) ინიციატივით, ასევე, საქართველოს ბანკის, ბაზისბანკის, კრედობანკისა და მიკრობანკი ემბისის მხარდაჭერით პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში. 

დაზოგვის მსოფლიო დღე წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. მისი ისტორია 1924 წელს იტალიის ქალაქ მილანში იწყება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საქართველო დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას 2012 წლიდან უერთდება და მას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობით აღნიშნავს.