კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ჩატარებული სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვებული გუნდი გამოვლენილია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მასშტაბური სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებულ გუნდს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU-ს) გუნდს,  AEGIS-ს უმასპინძლა. 

გამარჯვებულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა შეხვდა, ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და გაუზიარა ეროვნული ბანკის ხედვა ფინანსური განათლების, ასევე, ფინანსური და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ. 

„ფინანსური განათლება და ფინანსური ტექნოლოგიები თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდების ცოდნა, ხედვა და ინოვაციური აზროვნება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოხარული ვარ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა შეძელით თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა და იდეების წარმოჩენისთვის პლატფორმის შექმნა“, განაცხადა ნათია თურნავამ და ხაზი გავუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა კონკურსი.  

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.  

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების ვორქშოფები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა. 

გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე გამოვლინდა, სადაც ფინალურ ეტაპზე გადასულმა 27 უნივერსიტეტის გუნდმა წარადგინა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები კომპეტენტური ჟიურის წინაშე.

UNI4VERSE – FINEDU საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუსთან პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.

საფინანსო სექტორიდან პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: ბაზისბანკი, პეივბანკი, კრედო ბანკი, მიკრობანკი ემბისი, ტერაბანკი, თიბისი ბანკი და ვიზა. მათი მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად მიიღებს საგზურს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად. დამატებით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი 2,000 ლარიანი ფულადი პრიზით თიბისი ბანკმა დააჯილდოვა.