კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის ინიციატივით, მსოფლიო დაზოგვის დღის ფარგლებში, ფინანსური განათლების გაკვეთილები ტარდება

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.finedu.gov.ge - ფინედუსა და საბანკო სექტორის ჩართულობით, 31 ოქტომბრიდან საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია იწყება.

აქტივობები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის გარდა, სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალური ღია გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლები სკოლებს ეწვევიან და მოსწავლეებთან ერთად დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებენ.

საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში სკოლებს ეროვნული ბანკის 50-ზე მეტი თანამშრომელი ეწვევა, მათ შორის, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. 

გაკვეთილების სერია 31 ოქტომბერს, ქ. თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის სტუმრობით დაიწყო. კვირის ბოლომდე ეროვნული ბანკის თანამშრომლები თბილისისა და რუსთავის 70-მდე სკოლას ეწვევიან. ეროვნულ ბანკს ასევე უერთდებიან: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", სს" კრედო ბანკი", "ტერაბანკი" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი", რომლებიც რეგიონების მასშტაბით დამატებით 50-ზე მეტ სკოლას ეწვევიან. 

"ეროვნული ბანკის მოხალისე თანამშრომლების, ე.წ. "დესპანების" დახმარებით, სკოლებში დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილების ჩატარების ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. ინიციატივაში კომერციული სექტორიც შემოგვიერთდა. წლევანდელმა გამოხმაურებამ ცხადად დაგვანახა, რომ სკოლების მხრიდან დაინტერესება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც მისასალმებელია და ძალიან გვახარებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მასწავლებლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. სკოლების მხრიდან გაზრდილი ინტერესი და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი კი ნათლად ადასტურებს, რომ ისინი  მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების მნიშვნელობას სრულად იაზრებენ, ურთიერთძალისხმევა კი ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით შედეგების გაუმჯობესების წინაპირობაა", განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ:

1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წელს 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.

საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის ტრადიცია 2012 წლიდან დაიწყო და მას ფინანსური სექტორი სხვადასხვა ინიციატივით ხვდება. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა "გროვიაა" და ღონისძიებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ტარდება.