კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური განათლების გამოფენა გაიმართა

ფინანსური განათლების გამოფენა
მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის ინიციატივით, 6-7 ოქტომბერს, საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენას საქართველოს საფინანსო სექტორი წელს პირველად შეუერთდა. 

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 

ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.

ღონისძიებაში ეროვნულ ბანკს მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) წარმოადგენდა. ფინანსური განათლების გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი და პაშა ბანკი/რებანკი.

გამოფენაზე  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ფინედუს საქმიანობასა და საგანმანათლებლო მასალებს, მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში, გამოეცადათ საკუთარი ფინანსური ცოდნა და მოეგოთ პრიზები. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენა დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ყველაზე წარმატებული პარტნიორობის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. 

#ფინანსურიგანათლებაუკეთესიმომავლისთვის