2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით 2022 წლიდან აღინიშნება.
დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
საქართველოს ეროვნული ბანკთან არსებული ფინანსური განათლების პორტალზე www.finedu.gov.ge დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ვებსაიტსა და შესაბამის სოციალურ ქსელებში მომხმარებლებს დაზღვევასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის, სტატიები, კროსვორდები, პოსტერები და სხვა შემეცნებითი ინფორმაცია მიეწოდება.
გარდა ამისა, რუბრიკა „Finოსოფიური დღიურების“ ფარგლებში 1 მაისს ფეისბუქ ლაივი ჩატარდა თემაზე „სადაზღვევო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები და უპირატესობები“. 3 მაისს კი, რუბრიკის „ექსპერტი ფინედუზე“ ლაივ ჩართვა „სადაზღვევო ბროკერის როლი სადაზღვევო ურთიერთობებში“ თემაზე საუბარს დაეთმობა.
2 მაისს, სასტუმრო "პულმანში", დაზღვევის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დაზღვევის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ფინანსური განათლების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს სწორედ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა წარმოადგენს. ფინანსურად განათლებული მომხმარებლები კი, უკეთ არიან ფინანსურ საკითხებსა და პროდუქტებში გათვითცნობიერებულები. ფლობენ ცოდნას, უნარებსა და, რაც მთავარია, რწმენას, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიიღონ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება; იღებენ ეფექტიან გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობა.
ამდენად, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური და სადაზღვევო სექტორისთვისაც. " - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.