საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) ემიგრანტების ფინანსური განათლების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს. ფინედუმ საქართველოს ბანკის ჩართულობით ემიგრანტებისთვის ონლაინ პლატფორმაზე 1 კვირიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგ კურსი (ვებინარი) ჩაატარა.
ვებინარები 1-ელიდან 13 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ის ემიგრანტთა 2 ნაკადთან ჩატარდა. ვებინარზე რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ემიგრანტებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჯამში მასზე 60-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. ვებინარები, როგორც მისი სახელწოდებაც მიუთითებდა, მიზნად ისახავდა ემიგრანტების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე.
ვებინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, შემოსავლების მართვა და მასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, ფინანსური დამოუკიდებლობა, ინვესტირება, ფინანსურ ბაზარზე არასანდო და სარისკო შემოთავაზებების ამოცნობა, საბანკო პროდუქტები, ფულადი გზავნილები, ფინანსური სისტემა და ა.შ.
ტრენინგის მოდულის შემუშავებას საფუძვლად დაედო მცირე მიზნობრივი კვლევის შედეგები, რომლითაც გამოიკვეთა ემიგრანტებისთვის საინტერესო ისეთი საკითხები, რის შესახებ ცოდნის ამაღლება, მათი აზრით, ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებოდათ.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით კი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები პრიორიტეტულ მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენენ. ფინედუ მომავალშიც არაერთ აქტივობას შემოგთავაზებთ მათ მხარდასაჭერად.