კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველოს ეროვნული ბანკი VISA-ს ვორქშოფს მასპინძლობს

საერთაშორისო გადახდების კომპანია VISA-მ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური განათლების საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ელექტრონული საგადახდო სისტემებისა და ინსტრუმენტების მიმართ მომხმარებლის ფინანსური განათლების გაზრდა და საგადახდო სისტემისადმი ნდობის ამაღლება იყო.

პირველი დღე მედიის წარმომადგენლებს დაეთმოთ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ელექტრონული გადახდების გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ელექტრონული გადახდის სისტემები და მათი შექმნის საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციები საგადახდო სისტემებში.

 

შეხვედრის მეორე დღეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ნაღდი ფულის ზომა და ფასი, ფინანსური ჩართულობა და ფინანსური განათლება, ელექტრონული საგადახდო სისტემების მოწყობა "VisaNet"-ის მაგალითზე, რისკების მართვა საგადახდო სისტემებში და ტექნოლოგიების გავლენა ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრას VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორი მაჯიდ ჰუჯარი უძღვებოდა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

"საგადახდო სისტემების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება საგადახდო სისტემების მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის ქვეყანაში არსებული საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ მსგავსი შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების ამაღლებაა, ხელს შეუწყობს საგადახდო ბარათების ბაზარზე არსებულ ტენდენციების  გაცნობას და საბოლოო ჯამში საგადახდო სისტემების მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

"VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის სამუშაო შეხვედრები შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული გადახდებისა და იმ უპირატესობების შესახებ, რაც მას ქვეყნის განვითარებისთვის მოაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, ეროვნული ბანკის როლი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას ფინანსური უნარების განვითარებაში და ზრდის მომხმარებელთა ნდობას საგადახდო სისტემების მიმართ", - განაცხადა VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორმა მაჯიდ ჰუჯარმა.

 

VISA Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია VISA ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც ერთი წამის განმავლობაში. ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება.