კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში დღეიდან დაიწყო და 5 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებით დასრულდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და რვა ქართული კომერციული ბანკი: ფინკა ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, ბაზის ბანკი, ტერა ბანკი და პროკრედიტ ბანკი.

ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ მედიაში გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 14 წლამდე ასაკის ბავშვები დაზოგვის თემაზე შექმნილ ვიდეოს გამოაგზავნიან, სადაც ისინი განმარტავენ თუ რაა დაზოგვა და დაასახელებენ დაზოგვის ხერხებს. 3 ნოემბერს მონაწილეებიდან გამოვლინდება 15 გამარჯვებული, რომლებსაც 5 ნოემბერს ეროვნული ბანკი ყვარლის ფულის მუზეუმში ექსკურსიაზე უმასპინძლებს, ხოლო კომერციული ბანკები კი მათ ანაბარს გაუხსნიან, რათა ბავშვებმა განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. ასევე გამარჯვებულებისთვის დაწესებულია სხვადასხვა პრიზები.

მონაწილე კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის აქტივობებს: ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განათავსებენ ვიდეოს მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს - "გროვიას" მონაწილეობით. რამდენიმე ბანკს აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული ექნებათ საბავშვო ანაბრებზე აქცია. ბანკები უზრუნველყოფენ მედია მხარდაჭერას, სკოლის ასაკის ბავშვებში გაავრცელებენ ფინანსური განათლების თემებზე შექმნილ სხვადასხვა ბეჭდური მასალას და ვიდეო რგოლებს.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და გერმანულმა შემნახველმა ბანკმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის დაზოგვის თემაზე შექმნეს კომიქსები, რომლის გავრცელებაც სხვადასხვა არხის საშუალებით მოხდება. ასევე, მსოფლიო დაზოგვის დღეს მიეძღვნა რუბრიკა ტელეკომპანია ТV1-ზე, გადაცემა "საქმიან დილაში". მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიაციად იქცა და არის იმის შეხსენება, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება. დიახ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დაზოგვის კულტურისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ჩვენს მომავალ თაობას, რაც შედეგს უსათუოდ გამოიღებს, რაც უმნიშვნელოვანესია ფინასური განთლებისათვის და გამორიცხავს შემდგომში ამ მიმართულებით პრობლემებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა. 

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1924 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1924 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში". პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.