საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი იწყება
კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ. განაცხადების მიღება 17 ივლისს დაიწყო და ღონისძიების დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.
კონკურსი, ეროვნული ბანკის, FinEdu.gov.ge-ს, სს „კრედო ბანკის“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალის“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევრო კრედიტისა“ და სს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება. კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს/იდეას გამოავლენს, რომელთა ავტორებსაც, პარტნიორი ორგანიზაციებისგან, ფულადი პრიზები გადაეცემათ.
რატომ ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსი?
ახალგაზრდების ფინანსური განათლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და ამ მიმართულებით მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება. მოხარული ვართ, რომ წელს, აღვნიშნავთ ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს და ვაცხადებთ კონკურსს, შესაძლებლობა განხორციელებულიყო ერთობლივი ბანაკი, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდებში ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ესოდენ მზარდი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაღვივდება. ვფიქრობ, ფინანსური განათლების საკითხებზე დაფიქრება ბანაკის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს სამომავლოდ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ამასთან, მათ მიერ გენერირებული იდეები სასარგებლო იქნება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისა და სებ-ის მიერ ფინანსური განათლების კუთხით სამომავლო პროექტების შემუშავების პროცესში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
როდიდან აღინიშნება ახალგაზრდების საერთაშორისო დღე?
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების გენერალურმა ანსამბლეამ 1999 წელს გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს დღე ახალგაზრდების პრობლემების, მათი იდეებისა და ინიციატივების განხილვას ეძღვნება.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან იხილეთ ფაილები კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილეობის დასტურის ფორმა .