1. ინიციატივის შესახებ
1.1 ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ" (შემდგომში - „ფინედუ") აცხადებს მოხალისეობრივ ინიციატივას სახელწოდებით „გადაიღე ფინედუ - გაავრცელე ცოდნა" (შემდგომში - „ინიციატივა") და დაინტერესებულ 16-24 წლის ახალგაზრდებს იწვევს მასში მონაწილეობის მისაღებად.
1.2 ინიციატივის ფარგლებში კანდიდატები ფინედუს ვებგვერდზე განთავსებულ ტექსტურ საგანმანათლებლო მასალას გარდაქმნიან მოკლე ვიდეოფორმატის საგანმანათლებლო მასალად.
1.3 წარმოდგენილი ვიდეოები შეფასდება წინასწარ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით. მოთხოვნებთან შესაბამისი ყველა ვიდეო გამოქვეყნდება ფინედუს არხებზე ავტორის და მისი მოხალისეობრივი ჩართულობის მითითებით.
1.4 ინიციატივის მიზნებია:
- 16-24 წლის ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელების წახალისება;
- ფინედუს საგანმანათლებლო მასალის ახალგაზრდულ სეგმენტზე მორგებულ ვიდეო ფორმატში გადატანა;
- ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისება საზოგადოებასა და თანატოლებში ფინანსური განათლების გავრცელების მიზნით;
- ახალგაზრდული ხედვის ინტეგრირება ფინანსური განათლების კომუნიკაციაში.
2. ინიციატივის ზოგადი პირობები
2.1 ინიციატივის სახელწოდება: „გადაიღე ფინედუ - გაავრცელე ცოდნა".
2.2 ინიციატივის გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 12 აგვისტო (ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე).
2.3 ინიციატივის ფარგლებში ნამუშევრების მიღება დასრულდება 2026 წლის 12 სექტემბერს, 23:59 საათზე.
2.4 გამოსაქვეყნებელი ვიდეომასალის ავტორები დასახელდებიან 2026 წლის 28 სექტემბერს.
2.5 ინიციატივაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე გუნდებს (შემდგომში ერთობლივად - „კანდიდატი"). გუნდად ჩაითვლება არაუმეტეს 5 (ხუთი) კანდიდატი, რომელიც მონაწილეობს გამოგზავნილ ვიდეოში, სხვა შემთხვევაში ვიდეომასალის ავტორად შესაძლებელია დასახელებულ იქნეს ერთი კანდიდატი.
2.6 კანდიდატი შეიძლება იყოს 16–24 წლის ასაკის (დაბადებული 2005 წლის 13 სექტემბრიდან 2010 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით) პირი.
2.7 მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა შექმნას და წარმოადგინოს ვიდეო ნამუშევარი (შემდგომში - „ვიდეო") წინამდებარე ინიციატივის მე-3 თავში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
2.8 კანდიდატს უფლება აქვს წარმოადგინოს ერთი ან რამდენიმე ვიდეო. თითოეული ვიდეო ფასდება დამოუკიდებლად.
2.9 ინიციატივაში მონაწილეობა მოხალისეობრივი და უსასყიდლოა.
2.10 ინიციატივაში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და "ფინედუს". მიღებული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და/ან "ფინედუს" ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამის სოციალურ არხებში სათანადო ავტორის მითითებით.
3. მოთხოვნები ვიდეოსთან დაკავშირებით
3.1 ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ, შინაარსობრივ და ზოგად მოთხოვნებს.
3.1.1 ტექნიკური მოთხოვნები:
- ხანგრძლივობა - მინიმუმ 30 (ოცდაათი) და არაუმეტეს 60 (სამოცი) წამი,
- ორიენტაცია - ვერტიკალური „რილსი“, თანაფარდობით 9:16,
- გარჩევადობა - არანაკლებ 1080×1920 პიქსელი,
- ფაილის ფორმატი - MP4,
- ხმა - გასაგები და გამართული, ერთგვაროვანი დონით. ხმის გარეშე შექმნილი ვიდეოს შემთხვევაში ინფორმაცია სრულად უნდა აღიქმებოდეს ვიზუალურად,
- სუბტიტრები - ქართულენოვანი სუბტიტრები ან ქართულენოვანი ტექსტური გახმოვანება,
- ტექსტის განთავსება — მნიშვნელოვანი ტექსტი განთავსდება კადრის ცენტრალურ ზონაში, ზედა 15%-ისა და ქვედა 20%-ის გამოკლებით,
- ტექსტის წაკითხვადობა - შრიფტი ფონთან კონტრასტული; თითოეული წარწერა კადრში არანაკლებ 2 (ორი) წამისა,
- გამოსახულება - სტაბილური,
- ვიდეოს შექმნისას ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების (მონტაჟი, ხმის სინთეზი, ილუსტრაცია, სუბტიტრირება) გამოყენება დასაშვებია შემდეგი პირობების ერთობლივი დაცვით: ა) განაცხადში მითითებულია, რომელი ხელსაწყო რა მიზნით იქნა გამოყენებული და ბ) ვიდეო ასახავს კანდიდატ(ებ)ის შემოქმედებით წვლილსაც.
3.1.2 შინაარსობრივი მოთხოვნები
- ვიდეო ეყრდნობა ფინედუს ვებგვერდზე განთავსებულ კონკრეტულ მასალას (იგზავნება ტექსტის შესაბამის ბმულთან ერთად). დამატებული მონაცემი, მაგალითი ან განმარტება შესაბამისობაშია პირველწყაროსთან,
- ვიდეო ეხება ფინანსური განათლების ერთ კონკრეტულ საკითხს. თუ წარმოდგენილია რამდენიმე საკითხი, აშკარად ჩანს რა აერთიანებს ამ საკითხებს,
- ვიდეოს პირველი 3 (სამი) წამი შეიცავს კითხვას, პრობლემის დასმას ან განცხადებას, რომელიც უზრუნველყოფს ყურადღების მიპყრობას,
- ვიდეო სრულდება მკაფიო დასკვნით ან კონკრეტული სამოქმედო რეკომენდაციით,
- ვიდეოში გამოყენებული ენა მარტივი და სასაუბროა, ყოველი რთული ფინანსური ტერმინი განმარტებული ან ჩანაცვლებულია,
- ვიდეო აღქმადი და შესაბამისია 16–24 წლის ასაკობრივი სეგმენტისთვის,
- ვიდეოში აღბეჭდილი სიუჟეტი ატარებს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და/ან მამოტივირებელ და/ან გამაფრთხილებელ იდეას.
3.1.3 ზოგადი მოთხოვნები:
- ვიდეო შექმნილი უნდა იყოს უშუალოდ წინამდებარე ინიციატივისთვის და პირველად უნდა საჯაროვდებოდეს ფინედუს არხებზე,
- ვიდეოში გამოყენებული მუსიკა, ვიდეოკადრი, ილუსტრაცია ან ხმა შექმნილი ან გამოყენებული უნდა იყოსსაქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობით და არ არღვევდეს საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებს,
- ვიდეოში შესაძლებელი და, იმავდროულად, არასავალდებულოა, გამოყენებულ იქნას კანდიდატ(ებ)ის პერსონალური მონაცემები (გამოსახულება, ხმა, სხვა მონაცემი) ან/დახელოვნური ინტელექტით გენერირებული ხმა ან/და გამოსახულება. სხვა ნებისმიერი ფიზიკური პირის გამოსახულების ან/და ხმის არსებობა ვიდეოში შესაძლებელია მხოლოდ იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ფიზიკური პირის ამოცნობა/იდენტიფიცირება (მაგ. ზურგით);
- ვიდეო არ უნდა ატარებდეს კომერციულ შინაარსს, მათ შორის კონკრეტული ბანკის, კომპანიის, აპლიკაციის ან პროდუქტის დასახელებას, ლოგოს ან ბრენდირებული ნივთის ასახვას კადრში.
4. ვიდეოს წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 კანდიდატმა ვიდეო უნდა გამოგზავნოს ფინედუს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@finedu.gov.ge. ვიდეო იგზავნება ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართიდან, რომლის დომეინი განსხვავდება დომეინისგან „.ru".
4.2 იმ შემთხვევაში, თუ ფაილის მოცულობა აჭარბებს ელექტრონული ფოსტით გასაგზავნი ფაილის დასაშვებ ნორმას, კანდიდატმა ვიდეო უნდა გამოგზავნოს „WeTransfer.com"-ის, „Google Drive"-ის ან სხვა რელევანტური საშუალებით.
4.3 ელექტრონული წერილის სათაურის ველში კანდიდატმა უნდა მიუთითოს: „ინიციატივა: გადაიღე ფინედუ - გაავრცელე ცოდნა".
4.4 ელექტრონული წერილის ტექსტში კანდიდატმა უნდა მიუთითოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია:
- კანდიდატ(ებ)ის სახელი და გვარი სრულად (ისე, როგორც უნდა განთავსდეს შემდეგ სერტიფიკატზე);
- კანდიდატ(ებ)ის ასაკი;
- ბმული ფინედუს იმ გვერდზე, რომლის საფუძველზეც შექმნილია ვიდეო;
- გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, მათი გამოყენების მიზნის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.5 კანდიდატს ელექტრონული წერილის პასუხად გაეგზავნება ვიდეოს მიღების დასტური, ვიდეოს მიღებიდან, არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა. ვიდეო მიღებულად ითვლება აღნიშნული საპასუხო წერილის გაგზავნის მომენტიდან. საპასუხო წერილით დასტურდება მხოლოდ ვიდეოს მიღების ფაქტი.
4.7 ინიციატივის ფარგლებში განიხილება 2026 წლის 12 სექტემბრის 23:59 საათის ჩათვლით წარმოდგენილი ვიდეო.
5. ვიდეოს განხილვა, გამოქვეყნება და კანდიდატების სერტიფიცირება
5.1. წარმოდგენილი ვიდეოს განხილვას და გასაჯაროებისადმი შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების, „ფინედუს“ თანამშრომლები;
5.2. ინფორმაცია იმ კანდიდატებსა და ვიდეოებზე, რომლებიც შეესაბამება ინიციატივის მიზნებს და გამოსადეგად მიიჩნევა გასაჯაროებისათვის „ფინედუს“ ვებგვერდსა და „Facebook"-ის სოციალური მედიის არხზე ქვეყნდება 2026 წლის 28 სექტემბერს.
5.3. გასაჯაროებლად მიჩნეული ვიდეოების „ფინედუს“ სოციალური მედიის არხებზე („TikTok", „Instagram", „Facebook") გამოქვეყნება განხორციელდება ეტაპობრივად ავტორის/ავტორების სახელისა და გვარის მითითებით.
5.4. „ფინედუ“ განსაზღვრავს ვიდეოს გამოქვეყნების თარიღსა და თანმიმდევრობას.
5.5. „ფინედუ“ უფლებამოსილია შეაჩეროს ვიდეოს გამოქვეყნება, თუ გამოქვეყნების მომენტისთვის გამოვლინდა მისი შეუსაბამობა წინამდებარე განაცხადით დადგენილ პირობებთან.
5.6. ყველა კანდიდატი, რომლის მიერ შექმნილი ვიდეო მიიჩნევა გამოსადეგად ეროვნული ბანკის სოციალურ არხებში გამოსაქვეყნებლად, იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის სახელობით სერტიფიკატს მოხალისეობრივი წვლილისთვის ფინანსური განათლების გავრცელებაში. სერტიფიკატი გაიცემა ელექტრონული ფორმით იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით, რომლიდანაც გამოგზავნეს ვიდეო..
6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
6.1. ინიციატივაში მონაწილეობით დაინტერესებული პირი ინფორმირებულია და ეთანხმება, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიციატივის ჩატარების, ნამუშევრების განხილვისა და უკუკავშირის მიწოდების, ვიდეოს გამოქვეყნების, ავტორობის მითითების, სერტიფიკატის გაცემის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობისა და შემდგომი კომუნიკაციის მიზნით.
6.2. დამუშავების საფუძველია დაინტერესებული პირის თანხმობა, მისი ელექტრონული მომართვის განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს ფინანსური განათლების გავრცელებას, ინიციატივის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.
6.3. ინიციატივაში მონაწილეობისა და სერტიფიკატის მიღების წინაპირობაა 4.4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და ზუსტად წარმოდგენა. ამდენად, თქვენი მონაცემების წარმოდგენის გარეშე, ვერ შეძლებთ ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას.
6.4. ფინედუს სოციალური მედიის გვერდებზე, წინამდებარე ინიციატივის ფარგლებში, შესაძლოა გასაჯაროვდეს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ (კანდიდატ(ებ)ის სახელი და გვარი), ამასთან, შესაძლოა გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეო, რომელშიც ფიგურირებს კანდიდატ(ებ)ის პერსონალური მონაცემები (გამოსახულება; ხმა), აქვე აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორის მოთხოვნა არ არის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოს შექმნა და კანდიდატ(ებ)ს შეუძლია წარმოადგინოს ვიდეო პერსონალური მონაცემების გარეშე.
6.5. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადებია:
- სოციალური მედიის გვერდზე გასასაჯაროებელი ვიდეოების ავტორების მონაცემი: სახელი და გვარი - გვერდისა და შესაბამისი პოსტის არსებობის ვადით, ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული სერტიფიკატის გაცემიდან 1 თვის ვადით;
- სხვა დანარჩენი ავტორების მონაცემები - პროექტის დასრულებიდან 1 წლის ვადით;
აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება/განადგურდება.
6.6. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად, გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, ასევე ყოველგვარი საფასურის გარეშე მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების გაცნობა/ ასლების მიღება. დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული უფლებებით ისარგებლოს ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. დაინტერესებულ პირს ასევე, შეუძლია, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება მისი მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (გარდა იმ შემთხვევისა, თუკი არ იარსებებს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, მისი მონაცემები წაიშლება, ასევე, არ/აღარ მოხდება მათი გასაჯაროება. ამასთან, კონკურსის დასრულებამდე თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში - ის ვეღარ შეძლებს ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას.
6.7. ზემოაღნიშნული უფლება(ები) შესაძლოა შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
6.8. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს — ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995) 0322 406 406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან საქართველოს საერთო სასამართლოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
ცხელი ხაზი: (+995) 0322 406 406
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge
ვებგვერდი: https://finedu.gov.ge
„Facebook"-ის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge
„Instagram"-ის გვერდი: https://www.instagram.com/finedu.gov.ge
„LinkedIn"-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/finedu-ფინედუ
„TikTok"-ის გვერდი: https://www.tiktok.com/@finedu.gov.ge