კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მოიწვიე ფინედუ კლასში - დაზოგვის მსოფლიო დღე 2024

OECD/INFE

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით წელს უკვე მე-100-ედ აღინიშნება.

საქართველო ამ თარიღის აღნიშვნას 2012 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად იგეგმება ბევრისათვის უკვე საყვარელი და პოპულარული პროექტი სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".

პროექტის ფარგლებში ფინედუს დესპანები სკოლებს ესტუმრებიან და მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით სახალისო და გამორჩეულ აქტივობას ჩაატარებენ. 

 

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის

 

რა დანიშნულება და ისტორია აქვს დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას?

დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. 

ამ მასშტაბური წამოწყების მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაზოგვის წახალისება.

საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე სეგმენტს ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"?

წლევანდელი ღონისძიება 2 ეტაპიანია და გულისხმობს:

  • შეხვედრები მოსწავლეებთან - ფინედუს დესპანები თბილისის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეებს ესტუმრებიან და თამაშით სწავლების ფორმატით ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. შეხვედრის შემდეგ კლასში დატოვებენ ახალ, სპეციალურ სამაგიდე თამაშს სახელწოდებით „ფინანსური ასოციაციობანა“;
  • კონკურსი მასწავლებლებისათვის - მასპინძელი მასწავლებლები მათთვის გადაცემული სამაგიდე თამაშის გამოყენებით ახალ საგანმანათლებლო აქტივობებს შექმნიან და ჩაერთვებიან მინიკონკურსში.

ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა ფორმატით ჩატარდება მოსწავლეებთან შეხვედრა?

შეხვედრები ჩატარდება თბილისის მასშტაბით სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეებთან და მთელი საგაკვეთილო საათი დაეთმობა სამაგიდო თამაშს, რომლის დახმარებითაც მოსწავლე-ახალგაზრდები ფინანსური განათლების ტერმინებს შეიმეცნებენ. 

როდის განხორციელდება სკოლებში ვიზიტები?

ფინედუს დესპანების ვიზიტები განხორციელდება მასწავლებლისა და დესპანის ურთიერთშეთანხმებულ დროს, 18-დან 29 ნოემბრის შუალედში.  

ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები? ვინ ესტუმრებიან სკოლებს?

ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, თითოეულ მასწავლებელს ეცნობება მისთვის გამოყოფილი დესპანის ვინაობა წინასწარ.

რა არის საჭირო ღონისძიებაში ჩასართავად?

ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუს მხრიდან დაკავშირებას საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 

კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს დესპანის კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში. 

დაინტერესებულმა მასწავლებელმა სკოლაში ვიზიტის საკითხი დამოუკიდებლად უნდა შეათანხმოს დირექციასთან. 

ღონისძიების მეორე ეტაპი ანუ მასწავლებლების კონკურსი რას გულისხმობს? 

ყველა მასწავლებელს, რომელიც ფინედუს დესპანს კლასში მოიწვევს, ეძლევა საშუალება, გაკვეთილზე წარდგენილი სამაგიდო თამაშის გამოყენებით შეიმუშავოს საგანმანათლებლო აქტივობა და ჩაერთოს დამატებით კონკურსში. 

აღნიშნული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებსა და გამარჯვებულების დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას პროექტში ჩართული მასწავლებლები სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მეილზე მოგვიანებით მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

რა მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო სკოლისგან ფინედუს დესპანის დასახვედრად?

საკლასო ოთახში შესაძლებელი უნდა იყოს მაგიდების გადალაგება, ისე რომ რამდენიმე მოსწავლემ შეძლოს მაგიდის ირგვლივ დაჯდომა.

გაკვეთილის მსვლელობისას საჭირო იქნება სახატავი (A4 ფორმატის) ფურცლები და კალმები/ფანქრები. 

როდის განხორციელდება რეგისტრაცია?

დაინტერესებული კლასების რეგისტრაცია დაიწყება 31 ოქტომბრის 21:00 საათზე. 

არსებული რესურსების გათვალისწინებით სარეგისტრაციო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რიგითობის მიხედვით.  თითო სკოლაში დაიგეგმება მხოლოდ ერთი ვიზიტი, ამ სკოლიდან დარეგისტრირებულ პირველ კლასთან.

სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?

ღონისძიებაში ჩართვისა და კლასში ფინედუს დესპანის მოსაწვევად, ასევე, მოხალისეობრივად ფინედუს დესპანობის მსურველი მასწავლებლებისათვის რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს

როდის და როგორ მოხდება საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება დარეგისტრირებულ კლასში ვიზიტთან დაკავშირებით?

ფინედუს წარმომადგენლები დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებს შეათანხმებენ 4 ნოემბრის კვირაში მასწავლებლის მიერ მითითებული საკონტაქტო მეილისა და/ან ტელეფონის საშუალებით. 

ვის მიერ შემუშავდა სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა"?

სამაგიდო თამაში "ფიანნსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ. 

ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებით:

• ელექტრონული ფოსტა: info@finedu.gov.ge;

• ფეისბუქის გვერდის - https://www.facebook.com/finedu.gov.ge - მესენჯერი