1. კონკურსის იდეა და მიზნები
ყოველი წლის 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას 1999 წლიდან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ („გაერო“) ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისებაა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მეოთხედ უერთდება და აცხადებს ვიდეოების კონკურსს (შემდგომში - „კონკურსი“) ახალგაზრდებისთვის.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული ვიდეობი „ფინედუს“ ვებ-გვერდსა - www.finedu.gov.ge და მის სოციალურ არხებში - „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Youtube-ის“, LinkedIn-ის” და „TikTok-ის” გვერდებზე გამოქვეყნდება და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის მიზნებია:
- ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება;
- ახალგაზრდა მეწარმეებში ფინანსური განათლების საკითხების პოპულარიზება;
- ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება;
- ახალგაზრდებში მეწარმეობის წახალისება.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით, ასევე, სს „ბაზისბანკის“, სს „კრედო ბანკისა“ და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი-ს“ მხარდაჭერით.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდება: „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“;
2.2 კონკურსი დაიწყება 2024 წლის 12 აგვისტოს, დასრულდება 2024 წლის 27 სექტემბერს და განხორციელდება წინამდებარე განაცხადის მე-5 პუნქტში მოცემული ეტაპების შესაბამისად;
2.3 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელთა ასაკია 18-29 წელი (დაბადებულია 1995 წლის 01 იანვრიდან 2006 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით).
2.4 კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა შექმნას და წარმოადგინოს ვიდეო ნამუშევარი (შემდგომში - „ვიდეო“) წინამდებარე განაცხადის მე-3 პუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად.
2.5 ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეოების რაოდენობა შეზღუდული არაა, თუმცა, გამარჯვებულად ერთი კონკურსანტი შესაძლოა დასახელდეს მხოლოდ ერთხელ.
2.6 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი კონკურსის პირობების შესაბამისად გამოგზავნილ მასალებზე (მათ შორის, ტექსტური და ვიდეოფორმატის) საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში:„Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის შესაბამისი მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
2.7 კონკურსში მონაწილეობით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირი (შემდგომში - „კონკურსანტი“) აცხადებს თანხმობას, ფინედუს“ და საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მისი, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები დამუშავების შესახებ.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს მოეთხოვება შექმნას და წარმოადგინოს ვიდეო, რომელიც დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას;
ა) ვიდეოს ხანგძლივობა - მინიმუმ 15 (თხუთმეტი) და არაუმეტეს 120 (ას ოცი) წამი;
ბ) ვიდეოში აღბეჭდილი სიუჟეტი უნდა ატარებდეს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და/ან მამოტივირებელ და/ან გამაფრთხილებელ იდეას, უნდა ეხებოდეს ახალგაზრდებში მეწარმეობის და/ან ბიზნესის დაწყების და/ან ე.წ. „სტარტაპის“ განვითარების იდეას, ასევე, მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების საჭიროებას, მის კავშირს ბიზნესის და/ან. „სტარტაპის“ წარმატებასთან;
გ) ვიდეო უნდა ეხებოდეს ქვემოთ მოცემული ფინანსური განათლების თემებიდან ერთი ან რამდენიმე საკითხის კავშირს მეწარმეობასთან:
- დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- დაზოგვა;
- ფინანსური რესურსების მოზიდვა (მაგ.: სესხება, ლიზინგი, ინვესტორები და სხვა);
- ფინანსური უსაფრთხოება;
- ფინანსური პროდუქტები;
- ბიზნესის გავლენა გარემოზე.
დ) ვიდეო უნდა იყოს აღქმადი, გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ საზოგადოების ვიწრო ან რომელიმე კონკრეტულ სეგმენტზე;
ე) ვიდეო შექმნილი უნდა იყოს უშუალოდ მიმდინარე კონკურსისთვის;
ვ) ვიდეო არ უნდა იყოს კომერციული ხასიათის, და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ვიდეო შეიცავს საზოგადოებაში გადაღებულ მასალას, კონკურსანტი ვალდებულია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სათანადო პერსონალურ მონაცემთა სუბიექტისგან ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მოიპოვოს შესაბამისი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
3.2 კონკურსანტმა ვიდეო უნდა გამოაქვეყნოს რომელიმე ერთში შემდეგი სოციალურ ქსელებიდან: „Facebook-ზე“, „Instagram-ზე“, „Linkedin-ზე“ ან/და „TikTok-ზე”. ვიდეო უნდა აიტვირთოს წარწერით „ვიღებ მონაწილებას „ფინედუს“ კონკურსში - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ და მონიშნოს/ე.წ. „Tag“ „ფინედუს“ შესაბამისი სოციალური მედიის გვერდი (მაგ.: „Facebook“, „Instagram“ და სხვა). ვიდეო აღნიშნულ გვერდზე ატვირთული და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის თარიღის ჩათვლით.
3.3 ვიდეო, რომელიც არღვევს წინამდებარე განაცხადით განსაზღვრულ კონკურსში მონაწილეობისა და მოწოდების პირობებს, ავტომატურად გაითიშება კონკურსში მონაწილეობისგან.
4. ვიდეოების წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 კონკურსანტმა სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოს ბმული და ვიდეო უნდა გამოგზავნოს „ფინედუს“ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოს მოცულობა აჭარბებს ელექტრონული ფოსტით გასაგზავნი ფაილის დასაშვებ ნორმას, კონკურსანტმა მის მიერ გადაღებული ნამუშევარი უნდა გამოგზავნოს „Wetransfer.com-ის“ და/ან „Google Drive-ის“ ან სხვა რელევანტური საშუალებით. ელექტრონული წერილის სათაურის ველში კონკურსანტმა უნდა მიუთითოს შემდეგი ტექსტი - „ვიდეოკონკურსი ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“, შეტყობინების ტექსტში კი უნდა მიუთითოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია:
- კონკურსანტის სახელი და გვარი სრულად;
- კონკურსანტის ამჟამინდელი ასაკი ან დაბადების თარიღი;
- ვიდეოს იდეის მოკლე, არაუმეტეს 100 (ასი) სიტყვიანი აღწერა.
4.2 კონკურსანტს ელექტრონული წერილის პასუხად გაეგზავნება ვიდეოს მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიდეო კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული საპასუხო წერილით დადასტურდება მხოლოდ ვიდეოს მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა წინამდებარე განაცხადით განსაზღვრულ საკონკურსო პირობებთან. ვიდეოს მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლებიც არ ბოლოვდება ე.წ. „დომეინით“ - „.ru“. სხვა შემთხვევაში, კონკურსანტის ვიდეოს მიღება შეუძლებელი იქნება.
4.3 კონკურსანტმა ვიდეო უნდა გამოგზავნოს 2024 წლის 31 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით.
5. კონკურსის ჩატარების ეტაპები
5.1 კონკურსანტებისაგან ვიდეოები მიიღება 2024 წლის 12 აგვისტოდან - 31 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით;
5.2 კონკურსის პირველი ეტაპი - ფინალისტების გამოვლენა: კონკურსის პირველ ეტაპზე ჟიურის მიერ გამოვლინდება არაუმეტეს 10 (ათი) რჩეული ვიდეო (ფინალისტი), რომელთა შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, ავტორი, იდეის აღწერა და ვიდეო) გამოქვეყნდება 2024 წლის 12 სექტემბერს „ფინედუს“ „Facebook-ის” ოფიციალურ გვერდზე;
5.3 კონკურსის მე-2 ეტაპი - გამარჯვებულების გამოვლენა: 3 (სამი) ფინალისტი კონკურსის ჟიურის მიერ გამოვლინდება 2024 წლის 27 სექტემბერს გამოვლინდება, ხოლო, მეოთხე გამარჯვებული კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამოვლინდება „Facebook-ზე” გამოქვეყნებულ ვიდეოზე მომხმარებელთა რეაქციების (ჩაითვლება ნებისმიერი ტიპის რეაქცია) რაოდენობის შესაბამისად;
5.4 „ფინედუ“ იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს ვიდეოები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ვიდეოს ხარისხი ან/და თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს ან თუ მოწოდებულ იქნა 10-ზე (ათზე) ნაკლები ვიდეო;
5.5კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება მომხმარებელთა რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება „ფინედუს“ „Facebook”-ის ოფიციალურ გვერდზე 5.2 პუნქტის მიხედვით ატვირთულ ფინალისტების ვიდეოებზე 2024 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი სახისა და ტიპის რეაქცია, რომლის დაფიქსირებაც მომხმარებელთა მხრიდან შესაძლებელია „Facebook“ პოსტზე. ამასთან, კონკურსის ორგანიზატორი, ჯანსაღი და თანასწორი საკონკურსო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, „Facebook-ზე” მომხმარებელთა საერთო რეაქციების არაკეთილსინდისიერი გზით და/ან არარეალური მომხმარებლებისაგან მოპოვების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული რეაქციები არ გაითვალისწინოს რეაქცია ჯამურ რაოდენობაში.
6. ვიდეოების შეფასება და კრიტერიუმები
ვიდეოებს ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
- ვიდეოს ხარისხი/გარჩევადობა;
- ვიდეოს კრეატიულობა/ორიგინალურობა;
- ვიდეოში მეწარმეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდობაში;
- ვიდეოში ფინანსური განათლების საკითხების აქტუალურობას ნათლად წარმოჩენა;
- ვიდეოში მეწარმეობისა და ფინანსური განათლების კავშირის ნათლად წარმოჩენა - გონივრული ფინანსური ქცევების მოტივირება ან არაგონივრულ ფინანსურ ქცევებზე გაფრთხილება.
7. პრიზები
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 (ოთხი) გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:
- I ადგილი - 1,500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „ბაზისბანკი“
- II ადგილი - 1,000 (ერთი ათასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „კრედო ბანკი“
- III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“
- IV ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი, გამარჯვებულს დააჯილდოებს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი“.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
ვებ-გვერდი: https://finedu.gov.ge;
„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge;
„Instagram“-ის გვერდი: https://www.instagram.com/finedu.gov.ge;
„Linkedin“-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/finedu-ფინედუ;
„TikTok“-ის გვერდი: https://www.tiktok.com/@finedu.gov.ge.