1. კონკურსის იდეა
ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) უკვე მეხუთე წელია, უერთდება ამ საერთაშორისო კამპანიას. 2025 წლის კამპანიის დევიზია: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“
ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ“ სს „ბაზისბანკისა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402097850) მხარდაჭერით აცხადებს თემატურ ღია კონკურსს სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოება იუმორით“ (შემდგომში - „კონკურსი“).
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შექმნიან ვიზუალურ მასალას (პოსტერს/ბანერს) - ფოტოს და/ან გრაფიკული გამოსახულება, დამატებით შესაძლოა მოკლე ტექსტიც, რომლებიც შემოქმედებითად, ინფორმაციულად და სახალისოდ წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს, ასევე, წარმოდგენილი მასალის იდეის აღწერას (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „ნაშრომი“).
კონკურსის ზოგადი მიზნები და ამოცანებია:
- კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსხვავებული, შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით;
- მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისება და პირადი ფინანსების დაცვის მიზნით გონივრული მიდგომების დამკვიდრება.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდებაა: „კიბერუსაფრთხოება იუმორით“;
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 13 ოქტომბერი;
2.3 ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 24 ოქტომბერი;
2.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2025 წლის 30 ოქტომბერს;
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა წინამდებარე განაცხადის პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა.
3.2 კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ პირს (შემდგომში - „კონკურსანტი") მოეთხოვება შექმნას ნაშრომი - ვიზუალური მასალა და მისივე იდეის აღწერის ტექსტი - ქვემოთ მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით:
- ნაშრომის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის სახელწოდებასა და იდეას, უნდა ატარებდეს საგანმანათლებლო იდეას და ატარებდეს, სახალისო, იუმორისტულ შინაარსს;
- ნაშრომის ვიზუალი შესაძლოა შესრულებული იყოს ნებისმიერ პროგრამაში (მაგ.: „Ai", „Ae", „Id", „Ps", „Blender", „Ms PowerPoint" და სხვა), მასზე ტექსტის გამოყენების შემთხვევაში, ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
- ნაშრომის იდეის აღწერა - არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სიტყვისა, რომელიც აღწერს ნაშრომის შესაბამისობას კონკურსის შინაარსსა და მიზანთან. ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
- ნაშრომი შემუშავებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
- ნაშრომი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მოწოდებული უნდა იყოს „PND", „PSD", „JPEG" ან სხვა მაღალი გარჩევადობის („HD") მქონე ფორმატით;
- ნაშრომი უნდა უკავშირდებოდეს კიბერუსაფრთხოებისა ან/და ფინანსური უსაფრთხოების ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ თემას:
o სოციალური ინჟინერია, ფიშინგი და თაღლითური შეტყობინებები - ამოცნობა და თავიდან არიდება;
o პაროლები და ანგარიშების დაცვა - ძლიერი პაროლების შექმნა, ორდონიანი აუთენტიფიკაცია;
o პირადი მონაცემების დაცვა - ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება, პირადი მოწყობილობების დაცვა;
o ფინანსური თაღლითობები - ფინანსური პირამიდები, ყალბი ინვესტიციები, ონლაინ სესხების ან შეთავაზებების რისკები;
o ონლაინ შოპინგის უსაფრთხოება - საიტების სანდოობის შემოწმება, უსაფრთხო გადახდები;
o საჯარო Wi-Fi და კიბერ რისკები;
o საბანკო ბარათებისა და ანგარიშების დაცვა.
- ნაშრომი იუმორის გამოყენებით უნდა:
o წარმოაჩენდეს კიბერუსაფრთხოებისა და/ან ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელობას და/ან
o ყურადღებას ამახვილებდეს რეალურ საფრთხეებსა და მათს პრევენციაზე და/ან
o ამსხვრევდეს გავრცელებულ მითებს და არასწორ წარმოდგენებს.
- ნაშრომი უნდა იყოს გასაგები ფართო აუდიტორიისთვის და არ უნდა იყოს გათვლილი მხოლოდ ვიწრო ან გარკვეულ პროფესიულ სეგმენტზე; ნაშრომი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3.3 ერთი კონკურსანტის მხრიდან წარმოსადგენი ნაშრომების რაოდენობა არ იზღუდება, თუმცა, კონკურსანტი გამარჯვებულად მხოლოდ ერთხელ, ერთი ნაშრომის ჭრილში გამოვლინდება.
3.4 ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს ან წაშალოს კომენტარებიდან ისეთი ნაშრომი, რომლებიც არღვევს კონკურსის პირობებს.
4. საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 ნაშრომი კონკურსანტმა თავად, ხოლო 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ვიზუალური ნაწილი სურათად, ხოლო, იდეის აღწერა ტექსტის სახით ატვირთოს „ფინედუ-ს" ოფიციალური „Facebook-ის" გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად;
4.2 ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ოქტომბერი.
5. ნაშრომების განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები
5.1 საკონკურსო ნაშრომის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2025 წლის 30 ოქტომბერს.
5.2 ნაშრომების განიხილავს და შეაფასებს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური:
- საქართველოს ეროვნული ბანკი;
- საქართველოს საბანკო ასოციაცია
- სს „ბაზისბანკი“.
5.3 კონკურსში სულ გამოვლინდება 4 (ოთხი) გამარჯვებული, მათ შორის, 2 (ორი) გამოვლინდება ჟიურის, 1 (ერთი) „ბაზისბანკის“, 1 (ერთი)კი „Facebook-ის“ გვერდის საკონკურსო პოსტის შესაბამისი ნაშრომის კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით. რეაქციები დაითვლება 2025 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით. თუ ერთი და იგივე ნაშრომი ატვირთული იქნება რამდენიმე კომენტარად, რეაქციები არ შეიკრიბება და გაითვალისწინება მხოლოდ ერთ-ერთი, ყველაზე მეტი რეაქციის მქონე კომენტარი. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook-ის“ პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ. მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული ასევე უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის ნაშრომი, რომელსაც მიენიჭა ყველაზე მეტი რეაქცია და რომელიც სრულად შეესაბამება კონკურსის წესებს;
5.4 ნაშრომების ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- თემასთან შესაბამისობა - ნაშრომი ეხება კიბერუსაფრთხოებისა და/ან ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, ნათლად გამოხატულია მთავარი მესიჯი და საგანმანათლებლო შინაარსი;
- შემოქმედებითობა და ორიგინალობა - იდეა ახალია, არ არის უკვე ხშირად გავრცელებული სოციალური ქსელების პლატფორმებზე, გამოყენებულია ორიგინალური მიდგომა;
- იუმორი და ემოციური ეფექტი - ნაშრომი სახალისოა და იწვევს პოზიტიურ ემოციას, იუმორი ხელს უწყობს მთავარი სათქმელის უკეთ დამახსოვრებას;
- ვიზუალური ხარისხი - ნაშრომი ვიზუალურად მკაფიო, გასაგები და მარტივად აღსაქმელია. გამოყენებულია შესაბამისი ფერები, კომპოზიცია და წარწერები;
- შინაარსის აღქმის სიმარტივე და კომუნიკაციის ეფექტურობა - ნაშრომი ადვილად გასაგებია ფართო აუდიტორიისთვის, აუდიტორია რამდენიმე წამში ხვდება მთავარ აზრს.
6. კონკურსის პრიზები
6.1 კონკურსის ფარგლებში 5.3 პუნქტის მიხედვით გამოვლინილი 4 (ოთხი) გამარჯვებული დაჯილდოვდება ქვემოთ მოცემული პრიზებით:
- კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ 2 (ორი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით;
- კატეგორიაში „ბაზისბანკის რჩეული“ 1 (ერთი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზით;
- კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ 1 (ერთი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზით;
- გამარჯვებულებს დააჯილდოვებს სს „ბაზისბანკი“.
6.2 გამარჯვების შემთხვევაში, „ფინედუ“ გამარჯვებული ნაშრომის წარმდგენ პირს მოსთხოვს გამარჯვებულის სახელს, გვარს, საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს.
6.3 წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში მითითებულ პრიზებს ორგანიზაციები გასცემენ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, რისთვისაც ისინი გამარჯვებულს, არასრულწლოვანის შემთხვევაში კი მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსთხოვენ იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების დამადასტურებელ და თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას.
6.4 გამარჯვებულებზე ინფორმაცია „ფინედუს“ საკომუნიკაციო არხებში შესაძლოა გამოქვეყნდეს სახელსა და გვართან ერთად.
7. პერსონალური მონაცემების დამუშავება
7.1 კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუს“. მიღებული ნაშრომები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის, „ფინედუს“ და/ან კონკურსში ჩართული ორგანიზაციების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამის სოციალურ არხებში სათანადო ავტორის მითითებით. მიღებულ ნაშრომებს საქართველოს ეროვნული ბანკი და „ფინედუ“ გაუზიარებენ კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს. ნაშრომების შესაბამისი ვებ-გვერდებიდან წაშლა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუს“ გადაწყვეტილებით.
7.2 კონკურსში მონაწილეობით კონკურსანტი, ასევე, არასრულწლოვანი კონკურსანტის შემთხვევაში მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (შემდგომში - „დაინტერესებული პირი") ინფორმირებულია, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით ცნობიერების ამაღლების, მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისებისა და პირადი ფინანსების დაცვისთვის გონივრული მიდგომების დამკვიდრების, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გადაცემისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია კონკურსანტის მომართვის განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას.
7.3 დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გარეშე (რაც მოიაზრებს მხოლოდ Facebook მომხმარებლის სახელსა და ნაშრომს. აქვე აღსანიშნავია, რომ კონკურსანტების სახელების, გვარების და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება არ არის საჭირო), დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ მითითებული, დამატებითი ინფორმაციის (გამარჯვებულის სახელი, გვარი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი) წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი საჩუქრის მიღებას.
7.4 ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და გამარჯვებული კანდიდატების „Facebook“ გვერდზე გასაჯაროვებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება „Facebook“ გვერდის არსებობის ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი - წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება. რაც შეეხება თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას - იგი, წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ (სს „ბაზისბანკი“), დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
7.5 გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი), პრიზების გადაცემის მიზნით გაეგზავნება სს „ბაზისბანკს“.
7.6 წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება, ასევე, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
7.7 ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
7.8 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322 406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
8. სასარგებლო ინფორმაცია
ფინანსური უსაფრთხოების არსისა და კიბერუსაფრთხოების რჩევებისთვის დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/
„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.