კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

გლობალური ფულის კვირეული 2023 - მოიწვიე ფინედუ კლასში

გლობალური ფულის კვირეული 2023
გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდება. მიმდინარე წელს კვირეული 20 - 26 მარტის ჩათვლით აღინიშნება და მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდება. წლევანდელი კვირეულის დევიზია - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).

გლობალური ფულის კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". 20 მარტიდან ფინედუს დესპანები III-IX კლასის მოსწავლეებისათვის გაკვეთილებს ჩაატარებენ და ასაკის შესაბამისად, განიხილავენ ფინანსური განათლების სხვადასხვა თემას. მათ შორის: ფილისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებების ტემპების შესამცირებლად ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აქტუალობა.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.

რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"?

ღონისძიება გულისხმობს III-IX კლასის მოსწავლეებისათვის ერთი ღია გაკვეთილის ჩატარებას მოწვეული სტუმრის მიერ. 

ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა საკითხები იქნება განხილული?

გაკვეთილები ჩაუტარდებათ III-IX კლასის მოსწავლეებს და ასაკის შესაბამისად, განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხები. მათ შორის: ფილისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებების ტემპების შესამცირებლად ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აქტუალობა.

რა ფორმატით ჩატარდება გაკვეთილები?

გაკვეთილები ჩატარდება როგორც საკლასო ოთახებში, ისე ონლაინ (Zoom) ფორმატში. პირველ რიგში, განიხილება გაკვეთილის საკლასო ოთახში ჩატარების შესაძლებლობა დესპანების ლოკაციების გათვალისწინებით.

როდის ჩატარდება გაკვეთილები?

გაკვეთილები ჩატარდება 20 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, 10:00-17:00 საათების შუალედში. თითოეულ სკოლაში ფინედუს დესპანის ვიზიტი დაიგეგმება მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული დროის გათვალისწინებით.

ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები, ვინ ჩაატარებენ გაკვეთილებს?

ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზის ბანკის, კრედო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, საპენსიო სააგენტოსა და აფლატუნ ინტერნეიშენალის თანამშრომლები.

დესპანები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილს ჩაუტარებენ და უპასუხებენ მოსწავლეების შეკითხვებს მათს დამსაქმებელ ორგანიზაციებთან დაკავშირებით. 

რა მინიმალური მოთხოვნაა იქნება საჭირო სკოლისგან გაკვეთილის ჩასატარებლად?

საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა. 

ონლაინ გაკვეთილების შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა შეძლოს კლასის ჩართვა Zoom ფორმატით.

რა არის საჭირო ფინედუს კლასში მოსაწვევად?

ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა. კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის/სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში.

არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია და სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციის რიგითობის შესაბამისად.  

როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?

რეგისტრაცია დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე, არაუგვიანეს 16 მარტისა. 

სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?

ღონისძიებაში ჩართვისა და კლასში ფინედუს დესპანის მოსაწვევად დარეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე - bit.ly/GMW-Finedu-in-classes-2023

როდის მოხდება დაკავშირება კლასებში ვიზიტთან დაკავშირებით?

ფინედუს წარმომადგენლები დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან 17 მარტს

ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით შესაძლოა, დაინტერესებულმა პირებმა გამოიყენონ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
  • ცხელი ხაზი: (+995)32)2406406; 
  • ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
  • ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge