1. კონკურსის იდეა
ფულის გლობალური კვირეული (შემდგომში - „კვირეული“) ყოველწლიური საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტს აღინიშნება, დევიზით: „დაფიქრდი, სანამ აჰყვები, მართე ფული გონივრულად“ (ENG: „Think before you follow, wise money tomorrow“).
ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესების, ახალგაზრდებში ფულის ისტორიის, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისების მიზნით, საქართველო მიმდინარე წელსაც უერთდება აღნიშნულ კამპანიას. გარდა ამისა, წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს „ბაზისბანკთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833), სს „ტერაბანკთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204546045), სს „კრედო ბანკთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205232238) და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციასთან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402097850) ერთად, აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“ (შემდგომში - „კონკურსი“).
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდებაა: „ლარი 30 წლისაა“;
2.2 კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 18 მარტი;
2.3 ნახატების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 მარტი;
2.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2025 წლის 07 აპრილს;
2.5 კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი საკუთრების უფლებას გადასცემს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუს“. მიღებული ნახატები შესაძლოა გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის და/ან „ფინედუს“ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და შესაბამის სოციალურ არხებში სათანადო ავტორის მითითებით. მიღებული ნახატები შესაძლებელია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ფინედუმ“ გაუზიაროს „ფულის გლობალური კვირეულის“ ინიციატორებს („GMW Secretariat“). ნახატის შესაბამისი ვებ-გვერდებიდან წაშლა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის და „ფინედუს“ გადაწყვეტილებით. ნახატები ისევე, როგორც ხსენებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული სხვა მასალა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1 კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს ნახატს დადგენილ ვადებში.
3.2 კონკურსანტს ევალება, სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში, შექმნას 30 ლარის ნომინალის ბანკნოტის ნახატი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქვემოთ მითითებული ელემენტებიდან მინიმუმ სამს:
- ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „30“;
- ემიტენტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე - „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „NATIONAL BANK OF GEORGIA”;
- ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ოცდაათი ლარი“, „THIRTY LARI”;
- ლარის სიმბოლო - „₾“;
- გამოშვების წელი - „2025“;
- სერიული ნომერი.
კონკურსანტს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს და დიზაინში გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი ესკიზი, წარწერა, სიმბოლო და ა.შ.;
3.3 კონკურსანტი კონკურსში შეიძლება ჩაერთოს ერთზე მეტი ნახატით, თუმცა, გამარჯვებულად ერთი კონკურსანტი შესაძლოა დასახელდეს მხოლოდ ერთხელ;
3.4 ტექნიკური შესრულების მოთხოვნები:
- ნახატის ფოტო ვერსია უნდა იყოს მაღალი ხარისხის და კარგად აღქმადი/გარჩევადობის მაღალი მაჩვენებლით;
- ნახატი უნდა იყოს ხელით შესრულებული (არ მიიღება ციფრულ ფორმატში, ანუ კომპიუტერული პროგრამებითა და ხელოვნური ინტელექტით („AI“) შექმნილი ნამუშევრები). შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მასალა - აკვარელი, ზეთის საღებავი, ფანქარი, ფლომასტერი, და ა.შ.
3.5 ნახატი არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;
3.6 ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ მიიღოს ან წაშალოს კომენტარებიდან ისეთი ნახატები, რომლებიც არღვევს კონკურსის პირობებს.
4. საკონკურსო ნახატების წარმოდგენის ფორმა და ვადა
4.1 ნამუშევრის მოწოდების პროცესი:
- 16 წლამდე ასაკის კონკურსანტის შემთხვევაში, ნახატი უნდა წარმოადგინოს მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა;
- 16 წლიდან 18 წლამდე კონკურსანტის შემთხვევაში, ნახატი უნდა წარმოადგინოს კონკურსანტმა, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა;
- ნახატი „ფინედუს“ „Facebook“ გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge) გამოქვეყნებულ კონკურსის სპეციალური პოსტის კომენტარად უნდა ატვირთოს და მიუთითოს კონკურსანტის სახელი და ასაკი;
- ნახატის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge. ნამუშევრების უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება „დომეინით“ „.ru“. სხვა შემთხვევაში კონკურსანტის ნამუშევრის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის და „ფინედუსთვის“ მიწოდება შეუძლებელი იქნება;
- ნახატის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, გზავნილის/წერილის სათაურად (ე.წ. „Subject“) უნდა მიუთითოს „ნახატების კონკურსი“, ხოლო, წერილის ტექსტში - კონკურსანტის სახელი და ასაკი. ასეთ შემთხვევაში „ფინედუს“ შესაბამისი წარმომადგენელი მიღებულ ნახატს კონკურსანტის სახელით თავად ატვირთავს „ფინედუს“ „Facebook“ გვერდზე (www.facebook.com/finedu.gov.ge).
- კონკურსანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინების/ფაილების პასუხად გაეგზავნება ნამუშევრის მიღების დასტური არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსის ფარგლებში მიღებულად არ ჩაითვლება. აღნიშნული საპასუხო შეტყობინებით დადასტურდება მხოლოდ ნამუშევრის მიღების ფაქტი და არა მისი შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან.
4.2 ნახატის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მარტი.
5. ნამუშევრების განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები
5.1 საკონკურსო ნახატის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2025 წლის 07 აპრილს.
5.2 ნახატების განიხილავს და შეაფასებს შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური:
- საქართველოს ეროვნული ბანკი;
- სს „ბაზისბანკი“.
5.3 3 (სამი) გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის მიერ, ერთი გამარჯვებული კი გამოვლინდება „Facebook-ის“ გვერდის საკონკურსო პოსტის შესაბამისი ნახატის კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით, რომელიც დაითვლება 2025 წლის 04 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის რეაქცია, რომელის დაფიქსირებაც შესაძლებელია „Facebook-ის“ პოსტზე. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ ჩათვალოს ის რეაქციები, რომელთა რეალობასაც ჩათვლის საეჭვოდ. მომხმარებლის რჩეული გამარჯვებული ასევე უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის ნამუშევარი, რომელსაც მიენიჭა ყველაზე მეტი რეაქცია და რომელიც სრულად შეესაბამება კონკურსის წესებს;
5.4 ნახატების ჟიური შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- თემასთან შესაბამისობა;
- ნახატში გამოყენებული ელემენტების რაოდენობა;
- შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
- მხატვრული შესრულების ხარისხი;
- ქართული ფულის ისტორიის ცოდნა, ეროვნული მოტივები.
6. კონკურსის პრიზები
6.1 კონკურსის ფარგლებში 5.3 პუნქტის მიხედვით გამოვლინილი 4 (ოთხი) გამარჯვებული დაჯილდოვდება ქვემოთ მოცემული პრიზებით:
- ჟიურის რჩეული 3 (სამი) მონაწილე დაჯილდოვდება 500 ლარიანი ფულადი პრიზებით. მათგან 2 (ორ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს „ბაზისბანკი“, ხოლო 1 (ერთ) გამარჯვებულს დააჯილდოვებს სს „კრედო ბანკი“;
- მომხმარებლის რჩეულს დააჯილდოვებს „სს ტერაბანკი“ „სახატავი პლანშეტით“
- დამატებით, ოთხივე გამარჯვებული მიიღებს სიმბოლურ საჩუქრებსა და საგანმანათლებლო მასალებს „ფინედუსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციისგან“.
6.2 გამარჯვების შემთხვევაში, „ფინედუ“ გამარჯვებული ნამუშევრის წარმდგენ პირს მოსთხოვს გამარჯვებულის გვარს, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტისა და საცხოვრებელ მისამართს საჩუქრების გასაგზავნად.
6.3 ფულადი პრიზებს სს „ბაზისბანკი“ და სს „კრედო ბანკი“ ბანკში მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად გასცემენ, რისთვისაც ისინი გამარჯვებულსა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსთხოვენ იდენტიფიკაციის, უფლებამოსილების დამადასტურებელ და თანხის გადასაცემად საჭირო დამატებით ინფორმაციას;
6.4 გამარჯვებულებზე ინფორმაცია „ფინედუს“ საკომუნიკაციო არხებში გამოქვეყნდება გვართან ერთად.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირი აცხადებს თანხმობას, რომ მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარების, გამარჯვებულების გამოვლენის, ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი ჩართულობის, კონკურსის გამჭვირვალობის, საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის, ხოლო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების, შემდგომი კომუნიკაციის, საჩუქრების გაგზავნისა და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირების მიზნით, რომლის საფუძველია დაინტერესებული პირის თანხმობა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი, რაც მოიაზრებს კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შედეგად კი სანდოობის გაზრდას.
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების გარეშე, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ მითითებული, დამატებითი ინფორმაციის (გამარჯვებულის გვარი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა და საცხოვრებელი მისამართი) წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი საჩუქრის მიღებას.
ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და გამარჯვებული კანდიდატების „Facebook“ გვერდზე გასაჯაროვებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება „Facebook“ გვერდის არსებობის ვადით, ხოლო, გამარჯვებული კანდიდატების საკონტაქტო ელექტრონული ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართები - წინამდებარე განაცხადის 6.1 პუნქტში განსაზღვრული პრიზების გადაცემის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, წაიშლება/განადგურდება.
გამარჯვებული კანდიდატების პერსონალური მონაცემები, საჩუქრების გადაცემის მიზნით გაეგზავნება სს „ბაზისბანკს“, სს „კრედო ბანკს“, სს „ტერაბანკსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციას“.
წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოითხოვოს პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება, ასევე, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა, რა დროსაც შეწყდება მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი). დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თანხმობა გამოიხმოს ელექტრონულ ფოსტაზე - info@finedu.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით. ამ დროს, დაინტერესებული პირი/მისი შვილი/პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ვეღარ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: (+995)0322 406406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი/მისი შვილის/პირის, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს“ ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/
„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.
8. სასარგებლო ინფორმაცია
ინფორმაცია ქართული ფულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nbg.gov.ge/georgian-money;
ამას გარდა, საინტერესო ფაქტები ქართული ბანკნოტებისა და მონეტების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის განახლებულ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც მუშაობს სატესტო რეჟიმში: https://moneymuseum.nbg.gov.ge/ (გარკვეული პერიოდით ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=2 ).