ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ტრადიციულად, განხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში".
18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ფინედუს დესპანები III - XII კლასის მოსწავლეებისათვის გაკვეთილებს ჩაატარებენ და ასაკის შესაბამისად, განიხილავენ ფინანსური განათლების სხვადასხვა თემას. მათ შორის: ფულისა და ქართული ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი პირობები და დეტალები ღონისძიებაში ჩართვით დაინტერესებული პირებისათვის.
რას გულისხმობს ღონისძიება "მოიწვიე ფინედუ კლასში"?
ღონისძიება გულისხმობს III-XII კლასის მოსწავლეებისათვის ერთი ღია გაკვეთილის ჩატარებას მოწვეული სტუმრის მიერ.
ვისთვისაა განკუთვნილი გაკვეთილები და რა საკითხები იქნება განხილული?
გაკვეთილები ჩაუტარდებათ III-XII კლასის მოსწავლეებს და ასაკის შესაბამისად, განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი.
რა ფორმატით ჩატარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები ჩატარდება საკლასო ოთახებში.
როდის ჩატარდება გაკვეთილები?
გაკვეთილები ჩატარდება 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, პროექტში რეგისტრირებული სკოლების სამუშაო საათების გათვალისწინებით. თითოეულ სკოლაში ვიზიტი დაიგეგმება მასწავლებელისა და ფინედუს დესპანის ერთობლივად შეთანხმებულ დროს.
ვინ იქნებიან ფინედუს დესპანები, ვინ ჩაატარებენ გაკვეთილებს?
ფინედუს დესპანის მისიას იკისრებენ და კლასებს ესტუმრებიან ეროვნული ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ: საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზის ბანკის, კრედო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისის" და ტერაბანკის თანამშრომლები.
დესპანები სკოლებში საინტერესო და აქტიურ ღია გაკვეთილს ჩაატარებენ და ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, ფული, ფულის ისტორია, ფულის უსაფრთხოება, დაზოგვის მნიშვნელობა. თემები განსხვავებული იქნება კლასების შესაბამისად.
რა მინიმალური მოთხოვნა იქნება საჭირო სკოლისგან გაკვეთილის ჩასატარებლად?
საკლასო გაკვეთილები ითვალისწინებს პრეზენტაციის წარდგენას PowerPoint ფორმატში, ამიტომ მისი საინტერესოდ წარმართვისთვის სასურველია, საგაკვეთილო სივრცეში იყოს პრეზენტაციის გაშვების შესაძლებლობა.
რა არის საჭირო ფინედუს კლასში მოსაწვევად?
ფინედუს დესპანის კლასში მოსაწვევად საჭიროა, დაინტერესებულმა მასწავლებელმა შეავსოს შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოს ფინედუსგან მეილს.
კლასის ღონისძიებაზე დარეგისტრირება და ფინედუს კლასში მოწვევა შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, მათ შორის, კლასის/სადამრიგებლო გაკვეთილის ფარგლებში.
არსებული რესურსების გათვალისწინებით დაგეგმილი გაკვეთილების რაოდენობა შეზღუდულია და სკოლების/კლასების შერჩევა მოხდება რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ლოკაციაზე წვდომის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
როდის დასრულდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია დასრულდება დაგეგმილი ადგილების შევსებისთანავე, არაუგვიანეს 6 მარტისა.
სად არის განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა?
როდის მოხდება მასწავლებლებთან დაკავშირება?
ფინედუს წარმომადგენელი დარეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე მასწავლებლებს სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 15 მარტისა.
ვის შეიძლება მივმართოთ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით შესაძლოა, დაინტერესებულმა პირებმა გამოიყენონ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:
• მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
• ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
• ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge
ინფორმაცია ფულის გლობალური კვირეულის შესახებ:
ფულის გლობალური კვირეულის (GMW) აღნიშვნას საფუძველი 2012 წლიდან ჩაეყარა. ის მსოფლიო მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.
კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მასთან არსებული ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ (www.finedugov.ge), პარტნიორებთან ერთად, წელს უკვე მეათედ უერთდება.
2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის და ფულთან დაკავშირებული საკითხების და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება.
წლევანდელი კვირეულის დევიზია „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“ (Protect Your Money, Secure Your Future).