1. კონკურსის იდეა და მიზანი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/საჯარო და კერძო სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „ეროვნული ბანკი“) ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუ“) სს „ბაზისბანკი-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ინიციატივებს ფინანსური განათლების ხელშესაწყობად, „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ (შემდგომში - „ჯილდო“) მოსაპოვებლად კონკურსს (შემდგომში - „კონკურსი“) აცხადებს.
ჯილდოს დაწესების მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/საჯარო და კერძო სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომლებიც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.
ჯილდოს ზოგადი ამოცანებია:
- მასწავლებელთა მოტივაციის ზრდა ფინანსური განათლების სწავლების მიმართ;
- ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და გავრცელება;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.
2. კონკურსის ეტაპები და ვადები
2.1. კონკურსის გამოქვეყნების თარიღი: 05 ოქტომბერი, 2026 წელი;
2.2. ფინანსური განათლების ინიციატივების განხორციელების პერიოდი: 15 სექტემბერი, 2026 წელი - 15 მაისი, 2027 წელი;
2.3. საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 15 მაისი - 15 ივნისი, 2027 წელი;
2.4. 10 (ათი) საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენის თარიღი: 25 აგვისტო, 2027 წელი;
2.5. 5 (ხუთი) ფინალისტის გამოვლენის თარიღი: 01 სექტემბერი, 2027 წელი;
2.6. 1 (ერთი) გამარჯვებულის (ჯილდოს მფლობელის) გამოვლენის თარიღი: 09 სექტემბერი, 2027 წელი;
2.7. კონკურსის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები დაინტერესებულ მასწავლებლებთან.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები
3.1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნის მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლის განმავლობაში ახორციელებს ფინანსური განათლების ინიციატივებს და არ არის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ წინა კონკურსის გამარჯვებული.
3.2. ფინანსური განათლების ინიციატივა შეიძლება იყოს პროექტი, გაკვეთილი ან გაკვეთილების სერია, აქტივობა, კონკურსი, თამაში, სიმულაცია, კლუბი, ვიდეო, ვებ-გვერდი, სასწავლო რესურსი და/ან სხვა სახის ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების ფინანსური ცოდნისა და უნარების განვითარებას და პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის ჩამოყალიბებას. შესაბამის შემთხვევაში, ინიციატივა შეიძლება ასევე ხელს უწყობდეს ფინანსური განათლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სასკოლო საზოგადოებაში.
3.3. ფინანსური განათლების ინიციატივები მოიცავს ორ მიმართულებას:
- ა. არსებულ ინიციატივაში მონაწილეობას - „ფინედუ-ს“ და/ან სხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ან ორგანიზებული პროგრამის, პროექტის, კონკურსის, გაკვეთილის, თამაშის, ტრენინგის, რესურსის ან სხვა ინიციატივის გამოყენებას/განხორციელებას.
- ბ. საკუთარი ინიციატივის განხორციელებას ან არსებული ინიციატივის არსებით ადაპტაციას - კონკურსანტის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ პროექტს, გაკვეთილს/გაკვეთილების სერიას, აქტივობას, კონკურსს, თამაშს, სიმულაციას, კლუბს, ვიდეოს, ვებ-გვერდს, სასწავლო რესურსს და/ან სხვა პრაქტიკას/ფორმატს, რომლის იდეა ან დიზაინი კონკურსანტს ეკუთვნის, ან არსებული ინიციატივის ისეთ გარდაქმნას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მისი სტრუქტურა, მეთოდოლოგია და/ან გამოყენება.
3.4. კონკურსანტმა განხორციელებული ფინანსური განათლების ინიციატივები უნდა აღწეროს საკონკურსო განაცხადის ფორმაში (ჩამოტვირთეთ დანართი) და დაურთოს შესაბამისი ამსახველი მასალები.
3.5. საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და მასალები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
3.6. საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და მასალები არ უნდა იყოს ტენდენციური და/ან კომერციული და/ან დისკრიმინაციული და/ან შეურაცხმყოფელი და არ უნდა არღვევდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
3.7. შევსებული საკონკურსო განაცხადის ფორმა („MS Word-ის“ ფორმატში) უნდა გამოიგზავნოს „ფინედუ-ს“ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@finedu.gov.ge, წერილის სათაურად კი მითითებული უნდა იყოს - „საკონკურსო განაცხადი - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“.
3.8. საკონკურსო განაცხადის გამოგზავნის პერიოდია 2027 წლის 15 მაისიდან ამავე წლის 15 ივნისის ჩათვლით.
4. შეფასების კრიტერიუმები
4.1. საკონკურსო განაცხადში წარმოდგენილ ფინანსური განათლების აქტივობებს ჟიური შეაფასებს 100 ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) სწავლების მოსალოდნელი გავლენა (20%) - მოსწავლეთა ფინანსური ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება;
ბ) შემოქმედებითი, ინტერაქციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენება (20%) - მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, კრეატიული, ინტერაქციული და ინოვაციური მიდგომების მიზნობრივი გამოყენება;
გ) მოსწავლეების შესაძლებლობებზე მორგება (20%) - ინიციატივის ასაკთან/საფეხურთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში საგნებთან ინტეგრირება და სსსმ მოსწავლეების ჩართულობის გათვალისწინება;
დ) შექმნილი/არსებითად ადაპტირებული რესურსების ხარისხი (15%) - ფინანსური განათლების რესურსის შესაბამისობა მიზანთან, შინაარსის სიზუსტე და პრაქტიკული გამოყენებადობა;
ე) მდგრადობა და გავრცელება (15%) - საქმიანობის განმეორებით განხორციელების შესაძლებლობა სხვის მიერ, მოსწავლეებში გავრცელება და გამოცდილების გაზიარება სხვა მასწავლებლებთან, სკოლებთან ან სასკოლო საზოგადოებასთან.
ვ) არსებულ ინიციატივებში მონაწილეობა (10%) - ფინანსური განათლების შესახებ არსებული პროგრამების/ინიციატივების განხორციელების მოცულობა, ინტენსივობა, დაფარვა და ხარისხი;
4.2. ჟიური თითოეულ კრიტერიუმს აფასებს 0-დან 5 ქულამდე, 0.5 ქულის ბიჯით. მიღებული ქულები საბოლოო შეფასებაში გათვალისწინებული იქნება თითოეული კრიტერიუმისთვის განსაზღვრული წონის შესაბამისად.
4.3. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და ინიციატივების ამსახველი მასალები.
5. კონკურსის ჯილდო
6.1. კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლინდება 10 (ათი) საუკეთესო მასწავლებელი.
6.2. კონკურსის მეორე ეტაპზე საუკეთესო ათეულიდან დასახელდება 5 (ხუთი) ფინალისტი მასწავლებელი.
6.3. კონკურსის ფინალში გამარჯვებულად გამოვლინდება 1 (ერთი) მასწავლებელი.
6.4. სს „ბაზისბანკისგან“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 203841833) გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცემა ჯილდო და ფულადი პრიზი 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილ 4 ფინალისტს კი - ფულადი პრიზი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით თითოეულს.
6. საავტორო უფლებების დაცვა
კონკურსში მონაწილეობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსანტი მასწავლებელი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე საკუთრების უფლებას გადასცემს ეროვნულ ბანკსა და „ფინედუ-ს“. მიღებული აქტივობების აღწერის დოკუმენტები შესაძლოა გამოქვეყნდეს ეროვნულ ბანკისა და „ფინედუ-ს“ მიერ სხვადასხვა შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის სათანადო მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
7. პერსონალური მონაცემების დამუშავება
8.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძველი
კონკურსში მონაწილეობით, მასწავლებელი ინფორმირებულია, რომ მისი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, სამუშაო ადგილი, კერძოდ სკოლის დასახელება და მისამართი) საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დამუშავდეს:
- კონკურსის წარმართვისთვის (მონაწილეების შეფასება, მათთან კომუნიკაცია, პრიზების გადაცემა/გაგზავნა);
- გამარჯვებულის, ფინალისტებისა და საუკეთესო ათეულის იდენტიფიკაციისა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის;
- ფინანსური განათლების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, გამჭვირვალობისა და საზოგადოებაში სანდოობის გაზრდის მიზნებისთვის.
- კონკურსის ფინალში გადასვლის შემთხვევაში, გამარჯვებულისა და ფინალისტების საკონტაქტო მონაცემები და საბანკო ანგარიშის ნომერი სს „ბაზისბანკის“ მიერ დამუშავდება ფულადი პრიზის გადაცემის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი არის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით, ასევე, კანდიდატის მომართვის განხილვა.
პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად.
კონკურსანტი მასწავლებლის მიერ მისი პერსონალური მონაცემების წარმოდგენის გარეშე, იგი ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ხოლო, გამარჯვების/ფინალში გადასვლის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშის ნომრის წარდგენის გარეშე კი - შესაბამისი ფულადი პრიზის მიღებას.
8.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადები
კონკურსანტი მასწავლებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ვადით, ასევე, ფინალისტი მასწავლებლების კონკურსით გათვალისწინებული მასალების მიწოდებისათვის საჭირო ვადით.
კონკურსის იდეისა და გამჭვირვალობის მიზნის გათვალისწინებით, გამარჯვებულის, ფინალისტი და საუკეთესო ათეულის მასწავლებლების მონაცემები (სახელი, გვარი და სკოლის დასახელება) დარჩება ხელმისაწვდომი საჯაროდ საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ოფიციალური ვებგვერდებისა თუ სოციალური ქსელების, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე, ამ არხების არსებობის ვადების შესაბამისად.
რაც შეეხება გამარჯვებული და ფინალისტი მასწავლებლების საბანკო ანგარიშის ნომერს - იგი დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8.3. კონკურსანტის უფლებები
კონკურსანტ მასწავლებელს უფლება აქვს მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან/და ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე.
მიმართვა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@finedu.gov.ge
8.4. 8.3 პუნქტში მითითებული უფლებების შეზღუდვა
ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
8.5. კონკურსანტის უფლებების რეალიზების გზები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - (რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://nbg.gov.ge/page/personalur-monatsemta-datsva, ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, (საკონტაქტო ინფორმაცია იხ. https://pdp.sao.ge/ka ან/და საქართველოს საერთო სასამართლოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1
- ცხელი ხაზი: (+995) 0322 406 406;
- ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge
- ვებგვერდი: www.finedu.gov.ge
- „Facebook“: facebook.com/finedu.gov.ge
9. სასარგებლო ბმულები
- ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია: https://finedu.gov.ge/ge/finansuri-ganatlebis-strategia-1;
- „ფინედუ-ს“ გვერდი მასწავლებლებისთვის: https://finedu.gov.ge/ge/mastsavleblebistvis.