კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგთა გადამზადება დაიწყო

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლის პედაგოგთა პირველ ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგი, რომელიც "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-თან (CYFI) თანამშრომლობით განავითარა და ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება.

პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა და CYFI-მ 15-გაკვეთილიანი მოდული შეიმუშავეს, რომელიც 12-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი, და რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ყველა საკვანძო ფინანსურ საკითხს მოიცავს: დაზოგვა, გონივრული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, არჩევანის გაკეთება, რისკები და შესაძლებლობები. საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისთვის საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიული ფორმით არის შედგენილი.

სექტემბრიდან "სკოლა-ბანკის" პილოტი თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 11 საჯარო სკოლაში, თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში განხორციელდება. 2018 წლიდან კი პროგრამის მასშტაბები გაიზრდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებშიც დაინერგება.

"სკოლა-ბანკის" პროგრამის დანერგვა 2017 წლის ოქტომბრიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეშიც დაიწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივით, სასახლის პედაგოგებს ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ.

გათვალისწინებულია, ასევე "სკოლა-ბანკის" პროგრამაში კომერციული ბანკების ჩართულობაც. მიმდინარე ეტაპზე, პროექტში ერთი ბანკია ჩართული.

"ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეწოდოს ახალგაზრდა თაობას, რათა ბავშვებმა გამოიმუშაონ სწორი ფინანსური უნარები, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა სკოლა-ბანკის საპილოტე რეჟიმში დანერგვაში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. ეს ტრენინგი კი სწორედ მათი შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "სკოლა-ბანკი" წარმატებით დაინერგება საპილოტე სკოლებში და მომავალში შევძლებთ ამ პროგრამის ქვეყნის მასშტაბით რაც შეიძლება მეტ სკოლაში გავრცელებას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.