კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს

"გლობალური ფულის კვირეულის" (Global Money Week) ფარგლებში, რომელსაც საქართველო უკვე მეექვსედ უერთდება, ეროვნული ბანკი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს.

2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ეს კონკურსიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები შეძლებენ შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება ქართული ფულის მნიშვნელობის, ისტორიისა და მომავლის, ასევე საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების ირგვლივ.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, II-VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი დიზაინით უნდა დახატონ, გამოძერწონ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შექმნან 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა. გასათვალისწინებელია, რომ არსებული დიზაინის მქონე მონეტები და ბანკნოტები არ მიიღება. მოსწავლეებს ეროვნული ბანკისთვის საკონკურსო მასალების მიწოდება შემდეგი ორი გზით შეუძლიათ: საკუთარი ნამუშევრების სკოლის ადმინისტრაციაში წარდგენით, არა უგვიანეს 11 მარტისა ან უშუალოდ ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, არა უგვიანეს 19 მარტისა.

20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება. გამარჯვებულ ავტორთა ნამუშევრები ეროვნული ბანკის ფოიეში გამოიფინება, გამარჯვებულ მონაწილეებს კი ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი გაეცნობიან ფულის ისტორიას, მოისმენენ საინტერესო ლექციას ფინანსური განათლების თემაზე და მიიღებენ სებ-ის ბრენდირებულ საჩუქრებს.

აღსანიშნავია, რომ "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ხატვის კონკურსი პირველად შარშან გამოაცხადა და მასში 200 - ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.