კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების წლის ფარგლებში "სკოლა-ბანკის" პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს. აღნიშნული ტრენინგები "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ეროვნული ბანკისა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ერთობლივი პროექტია.

პროგრამის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლებში ეროვნული ბანკისა და CYFI-ს 15-გაკვეთილიანი მოდული ინერგება, რომელიც 12-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი და რომელიც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო ფინანსურ საკითხს მოიცავს: დაზოგვა, გააზრებული ხარჯვა, ბიუჯეტირება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტები, რისკები და შესაძლებლობები და გონივრული გადაწყვეტილების მიღება.

2017 წელს "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში პედაგოგთა ორი ტრენინგი განხორციელდა და საპილოტე გაკვეთილები თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 11 საჯარო სკოლაში (თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში), ასევე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაინერგა.

2018 წლიდან კი "სკოლა-ბანკის" პროგრამაში ჩაერთვება თბილისის კერძო და ზუგდიდისა და წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა, ასევე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. სამომავლოდ იგეგმება პროექტის მასშტაბების ზრდა. "სკოლა-ბანკის" პროგრამაში სკოლების გარდა კომერციული ბანკების ჩართულობაც არის შესაძლებელი და მიმდინარე ეტაპზე პროექტში ერთი ბანკი მონაწილეობს. ზემოაღნიშნული დაწესებულებების პედაგოგებმა და კომერციული ბანკების ტრენერებმა ეროვნულ ბანკში ტრენინგი 13-14 ოქტომბერს გაიარეს.

"ეროვნული ბანკი განაგრძობს აქტიურ მუშაობას ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში კი პედაგოგების შესაძლებლობების ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. მადლობა გვსურს გადავუხადოთ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, სკოლებსა და ბანკებს, რომლებიც დაინტერესდნენ "სკოლა-ბანკის" პროექტით და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლიდან პროექტის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.