1. კონკურსის იდეა, მიზანი და მონახაზი
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ - www.finedu.gov.ge (შემდგომში - „ფინედუს“) მიერ, ასევე, სს „საქართველოს ბანკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869) და შპს „ნ თამაშობანა მზიურის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404727541) ჩართულობით ფინანსური განათლების თემაზე პირველი ქართული სამაგიდო თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“ შემუშავდა.
2024 წლის დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში „ფინედუს“ დესპანებმა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომლები არიან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივის ფარგლებში სკოლებში ვიზიტისას მოსწავლე-ახალგაზრდებს სამაგიდო თამაში წარუდგინეს. დათმობილი საგაკვეთილო საათის განმავლობაში გუნდებში გადანაწილებული მონაწილეები „ფინანსური ასოციაციობანას“ ეზიარნენ და ფინანსური განათლების ტერმინები სხვადასხვა სახალისო გზით ისწავლეს და თანაკლასელებსაც ასწავლეს.
მასწავლებლებს, რომლებიც 2024 წლის დაზოგვის მსოფლიო დღის კამპანიაში ჩაერთნენ „ფინედუ“ საინტერესო კონკურსში ჩართვას სთავაზობს.
2. კონკურსის ზოგადი პირობები
2.1 კონკურსის სახელწოდება: „ფინანსური ასოციაციობანა“.
2.2 კონკურსში ავტომატურად ერთვებიან ის მასწავლებლები, რომლებიც 2024 წლის „დაზოგვის მსოფლიო დღის“ კამპანიის ფარგლებში დარეგისტრირდნენ და მათ მიერ შერჩეული კლასისთვის „ფინედუს“ დესპანების მიერ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ სამაგიდო თამაში „ფინანსური ასოციაციობანა“ გადაეცათ.
2.3 კონკურსი დასრულდება 2025 წლის 31 მარტს.
2.4 კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირი (შემდგომში - „კონკურსანტი“) აცხადებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, კონკურსის ჩატარებისა და საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით. რომლის საფუძველი, კონკურსანტის თანხმობასთან ერთად არის ეროვნული ბანკისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება და მისი ლეგიტიმური ინტერესი - ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ფინანსური განათლების თვალსაზრისით.
კონკურსანტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მსვლელობის პერიოდში, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ვადის გათვალისწინებით ხოლო, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება.
კონკურსანტის პერსონალური მონაცემები დამუშავდება სამართლიანად, კანონიერად გამჭვირვალედ და ღირსების შეულახავად. კონკურსანტს შეუძლია მოითხოვოს მის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება. ასევე, საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე ინფორმაციის ან ამ მონაცემების ასლების მიღება ყოველგვარი საფასურის გარეშე. კონკურსანტს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს თანხმობა ელექტრონულ ფოსტაზე - info@nbg.gov.ge განცხადების გამოგზავნის გზით, რა დროსაც შეწყდება მისი მონაცემების დამუშავება და ეს მონაცემები წაიშლება/განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ აღარ იქნება მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი).
ზემოაღნიშნული უფლებ(ებ)ი შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კონკურსანტს შეუძლია მიმართოს ეროვნული ბანკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ლია მორალიშვილს (ტელ.: 032 2 406 406 (126); ელ. ფოსტა: dpo@nbg.gov.ge), ხოლო მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
2.5 კონკურსში მონაწილეობით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორი კონკურსის პირობებით გამოგზავნილ მასალებზე (ტექსტური, ვიდეო და სხვა ფორმატის) საკუთრების უფლებას გადასცემს „ფინედუს“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიღებული ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნდეს მითითებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის, „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Linkedin-ის“, „Youtube-ისა“ და „Tiktok-ის“ გვერდებზე ავტორის შესაბამისი მითითებით, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
3. კონკურსში მონაწილეობის პირობები:
3.1 კონკურსანტმა მასწავლებელმა შერჩეული მოსწავლეების ჩართულობით უნდა ჩაატაროს ნებისმიერი სახის აქტივობა (მაგ.: ღია გაკვეთილი, დებატები, თეატრალური დადგმა, დისკუსია, პროექტი და ა.შ.), რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იქნება ფინანსური განათლების სამაგიდო თამაში - „ფინანსური ასოციაციობანა“ ან თამაშის ნებისმიერი სახით მოდიფიკაცია.
3.2 ამ მუხლის 3.1 პუნქტში მითითებული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მარტივად და სახალისოდ უნდა შეძლონ ფინანსური ტერმინების შეასწავლა.
3.3 კონკურსანტმა მასწავლებელმა 2025 წლის 14 მარტის 23:59 საათის ჩათვლით, „ფინედუს“ ოფიციალურ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე - info@finedu.gov.ge უნდა გამოგზავნოს ჩატარებული ღონისძიების აღწერა 200-დან 1000 სიტყვამდე გადმოცემული „MS Word-ის“ ან/დ „PDF“ ფორმატის ფაილით, წინამდებარე საკონკურსო პირობების დანართში მოცემული აქტივობის წარდგენის ფორმის შესაბამისად (შემდგომში - „საკონკურსო ნამუშევარი“). საკონკურსო ნამუშევრისთვის შესავსები დანართი განთავსებულია აქ: კონკურსის დანართი , რომლის შევსების გარეშე, ის ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
3.4 საკონკურსო ნამუშევრების მოწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ისეთი მისამართებიდან, რომლის მისამართიც არ ბოლოვდება ე.წ. „დომეინით“ „.ru“. სხვა შემთხვევაში კონკურსანტის ნამუშევრის ადრესატამდე მიწოდება შეუძლებელი იქნება, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს პირის ამ კონკურსში მონაწილეობას.
4. საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:
საკონკურსო ნამუშევრების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
4.1 საკონკურსო ნამუშევრის წარმოდგენილი მასალა/აქტივობები იძლევა ფინანსური განათლების/ტერმინების სახალისოდ გაცნობისა და სწავლების საშუალებას.
4.2 გამოყენებულია ინოვაციური და ორიგინალური მიდგომები.
4.3 საკონკურსო ნამუშევარში წარმოდგენილი იდეები ადვილად გამოყენებადია სხვა სკოლების/მასწავლებლების მხრიდან.
4.4 საკონკურსო ნამუშევარში წარმოდგენილ აქტივობებში მაქსიმალურად გამოყენებულია ფინანსური განათლების სამაგიდო თამაში - „ფინანსური ასოციაციობანა“ ან თამაშის შემადგენელი მასალები (ბარათები, ტერმინების განმარტება და სხვა).
4.5 ნამუშევრების განხილვასა და შეფასებას მოახდენს საქართველოს ეროვნული ბანკისა და შპს „ნ თამაშობანა მზიურის“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური.
5. გამარჯვებულის გამოვლენის პირობები:
5.1 კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 31 მარტს.
5.2 კონკურსში გამოვლინდება 2 (ორი) გამარჯვებული მასწავლებელი.
5.3 კონკურსში გამარჯვებულ 2 (ორი) მასწავლებელს და მათ მიერ დარეგისტრირებულ 1 (ერთი) კლასის მოსწავლეებს პრიზად გადაეცემათ შპს „ნ თამაშობანა მზიურის“ გასართობ-საგანმანათლებლო ცენტრში ექსკურსიისა და სპექტაკლზე „წინ და წინ“ დასწრების ვაუჩერი.
5.4 კონკურსის საპრიზო ფონდს აწესებს სს „საქართველოს ბანკი“.
5.5 კონკურსის გამარჯვებულ 2 (ორი) მასწავლებელს, პრიზად ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო დანიშნულების მონეტა.
6. საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.
ცხელი ხაზი: (+995)0322406406.
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge
ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/
„Facebook-ის“ ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/