კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - აქტივობები

აქტივობები აგებულია VII-IX კლასის მოქალაქეობის საგანში ინტეგრირებულ ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხებზე.

აქტივობების გამოყენება შესაძლებელია როგორც მოქალაქეობის მასწავლებლების მიერ - საგაკვეთილო პროცესში, ისე ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მიერ - კლუბური მუშაობის ან სხვა ფორმატში.

1. თამაში: დამალული ბანკნოტები

მასწავლებელი წინასწარ მალავს კლასში ბანკნოტებს, სხვადასხვა ადგილას. ბანკნოტების სამალავთან ახლოს, სურვილისამებრ, აკრავს მინიშნებას - შესაბამისი ბანკნოტის ელემენტს.

კლასი იყოფა 6 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება - შეკითხვის ბარათი. ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ: 1. რომელი ბანკნოტი შეესაბამება მათ ბარათზე მოცემულ კითხვას, 2. იპოვონ კლასში ეს ბანკნოტი. თამაშის დასრულების შემდეგ ჯგუფებს ურიგდებათ პასუხების ბარათები.

2. მეხსიერების თამაში: ფულის მახასიათებლები

კლასი იყოფა 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ბარათების ერთი წყება. ბარათები მაგიდაზე ლაგდება წარწერით/ნახატით ქვემოთ.

მოსწავლეები რიგრიგობით იღებენ 2 ბარათს:

  • თუ ბარათები ერთმანეთს შეესაბამება (მახასიათებელი + განმარტება), მოსწავლე წყვილს იტოვებს;
  • თუ არ შეესაბამება, ბარათებს აბრუნებს თავდაპირველ ადგილზე.

მოსწავლეებმა უნდა დაიმახსოვრონ ბარათების მდებარეობა, რათა შემდეგ წყვილების პოვნა შეძლონ. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ყველა ბარათი არ დაწყვილდება.

გამარჯვებულია მოსწავლე, რომელსაც ყველაზე მეტი წყვილი ექნება.

თამაშის დასრულების შემდეგ ჯგუფი ხმამაღლა ასახელებს თითოეულ მახასიათებელს და მის შესაბამის განმარტებას.

3. თამაში ბარტერულ გაცვლაზე

თითოეულ მოსწავლეს ურიგდება 1 ინსტრუქციის ბარათი და 4 ან 5 სხვადასხვა ფიგურის ბარათი.

10 წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა ერთმანეთში უნდა გაცვალონ ბარათები, რათა შეაგროვონ ინსტრუქციაში მითითებული 4 ან 5 ბარათი.

ვინც პირველი შეაგროვებს საჭირო ბარათებს, გამარჯვებულია და თამაშს გამოეთიშება. დანარჩენები აგრძელებენ თამაშს.

10 წუთის შემდეგ თამაში სრულდება და მიმდინარეობს განხილვა: 

  • რამდენმა მოსწავლემ შეძლო სასურველი ბარათების შეგროვება?
  • რა სირთულეებს შეხვდნენ გაცვლისას?
  • რატომ ვერ ხერხდებოდა ზოგჯერ პირდაპირი გაცვლა?

შენიშვნა: მოსწავლეები თამაშის დროს ეჯახებიან ბარტერის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - „ორმაგი დამთხვევის“ საჭიროებას: ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ის, რაც მეორეს სჭირდება. ეს ბარტერს მოუხერხებელს ხდიდა და განაპირობა გაცვლის ისეთი საშუალების საჭიროება, რომელსაც ყველა მიიღებდა.

4. აქტივობა: საქონლის კლასიფიკაცია

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა ბარათების ერთი წყება.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში მსჯელობენ და ბარათებზე მოცემულ საქონელსა და მომსახურებას აჯგუფებენ ოთხ კატეგორიად: კერძო, საზოგადოებრივი, კლუბური და საჯარო საქონელი.

5. თამაში: მოთხოვნა და მიწოდება

კლასი იყოფა მყიდველებისა და გამყიდველების ჯგუფებად (შესაბამისი ბარათების განაწილებით). მყიდველები ცდილობენ რაიმე სიმბოლური ნივთის, მაგ., ბლოკნოტის ყიდვას, გამყიდველები - მის გაყიდვას.

თამაში შედგება 4-6 ეტაპისგან. თითოეული ეტაპი გრძელდება 4 წუთი. პირველი 2 ეტაპის შემდეგ მოსწავლეები როლებს ცვლიან.

მყიდველი და გამყიდველი მოლაპარაკების გზით უნდა შეთანხმდნენ ფასზე. თითოეულ მოსწავლეს ერთ ეტაპზე მხოლოდ ერთი გარიგების დადება შეუძლია.

შეთანხმებული ფასი უნდა იყოს გამყიდველის ბარათზე მითითებულ თანხაზე მეტი და მყიდველის ბარათზე მითითებულ თანხაზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება არ ჩაითვლება.

შემდგარი გარიგების შემთხვევაში წყვილი მასწავლებელს გადასცემს ბარათებს და ასახელებს შეთანხმებულ ფასს. მასწავლებელს შეუძლია თითოეული გარიგება ჩაინიშნოს ინსტრუქტორის ფურცელზე.

როლების ინსტრუქცია:

მყიდველი: ბარათზე მითითებული თანხა არის მისი შემოსავალი და მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდაც შეუძლია. მისი ქულა = შემოსავალი - შეთანხმებული ფასი.

გამყიდველი: ბარათზე მითითებული თანხა არის მისი დანახარჯი და მინიმალური ფასი, რადაც შეუძლია გაყიდოს. მისი ქულა = შეთანხმებული ფასი - დანახარჯი.

თამაშის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ხსნის, რომ მყიდველი შეზღუდულია თავისი შემოსავლით, ხოლო გამყიდველი - საქონლის შეძენაზე/წარმოებაზე გაწეული დანახარჯით. ამიტომ გარიგება მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც მხარეები ორივესთვის მისაღებ ფასზე შეთანხმდებიან.

განხილვა:

  • რამდენად ადვილი იყო ფასზე შეთანხმება?
  • რა სტრატეგიას იყენებდნენ მყიდველები და გამყიდველები?
  • შეიცვალა თუ არა მათი სტრატეგია მომდევნო ეტაპებზე?
  • რატომ ვერ ხერხდებოდა ზოგიერთ შემთხვევაში გარიგება?
  • რა გავლენას ახდენდა მყიდველის შემოსავალი იმ მაქსიმალურ ფასზე, რომლის გადახდაც მას შეეძლო?
  • რა გავლენას ახდენდა გამყიდველის დანახარჯი იმ მინიმალურ ფასზე, რადაც მას გაყიდვა შეეძლო?
  • რა განსაზღვრავდა საბოლოოდ ფასს - მხოლოდ მყიდველის სურვილი, მხოლოდ გამყიდველის სურვილი თუ ორივე მხარის შეთანხმება?

6. აქტივობა: დეპოზიტის ტიპების მოზაიკა

კლასი იყოფა 5-კაციან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა ბარათების ერთი წყება.

I ეტაპი - ექსპერტთა ჯგუფები: ერთნაირი ნომრის ბარათის მქონე მოსწავლეები სხდებიან ერთად და 3-4 წუთის განმავლობაში განიხილავენ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას. მათ უნდა გაიაზრონ და დაიმახსოვრონ მთავარი საკითხები.

II ეტაპი - თავდაპირველი ჯგუფები: მოსწავლეები ბრუნდებიან საკუთარ ჯგუფებში და რიგრიგობით უზიარებენ სხვებს თავიანთ ბარათზე მიღებულ ინფორმაციას.

თითოეული მოსწავლის წვლილი მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფი თემის სრულად გასააზრებლად ყველა ბარათზე მოცემულ ინფორმაციას უნდა გაეცნოს. დასასრულს, მასწავლებელი გამოყოფს ძირითად საკითხებს, სვამს კითხვებს და აჯამებს თემას.

7. აქტივობა: დეპოზიტის კალკულატორებით დეპოზიტის თანხის გამოთვლა

მასწავლებელი კლასს ყოფს რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს დეპოზიტის კალკულატორების ფურცელს. ჯგუფები ეცნობიან ფურცელზე მოცემულ ორ სიტუაციას და დავალებას და დეპოზიტის კალკულატორების გამოყენებით თავად ითვლიან: 1. დეპოზიტზე ყოველთვიურად შესატან თანხას, 2. დეპოზიტზე ვადის ბოლოს დაგროვილ თანხას.

8. აქტივობა: დეპოზიტის ტიპები - სწრაფი არჩევანი

მასწავლებელი ოთახში ერთმანეთისგან მოშორებით ათავსებს 3 ტიპის დეპოზიტის პოსტერს.

მასწავლებელი რიგრიგობით კითხულობს სიტუაციებს. მოსწავლეები ფიქრობენ, რომელი ტიპის დეპოზიტი შეესაბამება მოცემულ სიტუაციას და სწრაფად დგებიან შესაბამის პოსტერთან.

თითოეული არჩევანის შემდეგ მოსწავლეები ასაბუთებენ გადაწყვეტილებას და მსჯელობენ განსხვავებულ მოსაზრებებზე.

მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებული არჩევანი შეიძლება იყოს მისაღები, თუ მოსწავლე გადაწყვეტილებას დეპოზიტის მახასიათებლების გათვალისწინებით ასაბუთებს.

სიტუაციები:

  • გსურთ სმარტფონის შეძენა და თანხის თანდათან შეგროვება.
  • გაყიდეთ ავტომობილი და მიღებული თანხა მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში არ დაგჭირდებათ.
  • გაჩუქეს თანხა, რომლის დახარჯვაც ახლა არ გსურთ, თუმცა არ იცით, როდის დაგჭირდებათ.
  • გსურთ ცალკე გადადებული თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.
  • ერთი წლის შემდეგ მოგზაურობას გეგმავთ და გსურთ ყოველთვიურად თანხის გადადება.
  • იცით, რომ დანაზოგი 9 თვის შემდეგ დაგჭირდებათ, ამიტომ გსურთ მანამდე მისი ცალკე შენახვა.

9. აქტივობა: ფინანსური უსაფრთხოება - სიტუაციების განხილვა

კლასი იყოფა 6 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს შემთხვევით ურიგდება სიტუაციის თითო ბარათი. ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში აანალიზებენ სიტუაციას და პასუხობენ კითხვებს:

  • არის თუ არა სიტუაცია საეჭვო? რა იწვევს ეჭვს?
  • რა არის უსაფრთხო ან ჩვეულებრივი და რა - საფრთხის შემცველი?
  • რა რეკომენდაციას მისცემდით რისკის შესამცირებლად?

თითოეული ჯგუფი საკუთარ სიტუაციასა და დასკვნებს კლასს 5 წუთში წარუდგენს. მასწავლებელი აჯამებს პასუხებს და გამოყოფს უსაფრთხო ქცევის ძირითად პრინციპებს.

10. აქტივობა: გადასახადების გამოთვლა

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა ბარათი სიტუაციით.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში მოცემული სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავენ, რომელ გადასახადებს გადაიხდის ოჯახი და გამოთვლიან ოჯახის ყოველთვიურ ხელზე ასაღებ შემოსავალს.

11. აქტივობა: გადასახადის სახეების განსაზღვრა

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სამუშაო ფურცელი. ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში მოცემული სიტუაციების მიხედვით განსაზღვრავენ, რომელ გადასახადს გადაიხდის პირი და გადასახადის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის - საერთო-სახელმწიფოებრივს თუ ადგილობრივს.

[სამუშაო ფურცლის ტიპი - საჭირო იქნება მრავალჯერადად ამობეჭდვა]

12. მეხსიერების თამაში: სახელმწიფოსა და ბიზნესის ბარათები

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა ბარათების ერთი წყება.

ბარათები მაგიდაზე ლაგდება წარწერით/სურათით ქვემოთ. მოსწავლეები რიგრიგობით იღებენ 2 ბარათს: საქონლის/მომსახურების და მისი მომწოდებლის (სახელმწიფოს ან ბიზნესის) ბარათს.

თუ ბარათები ერთმანეთს შეესაბამება, მოსწავლე წყვილს იტოვებს; თუ არა - აბრუნებს და ცდილობს მათი მდებარეობის დამახსოვრებას.

თამაში გრძელდება ყველა წყვილის დაწყვილებამდე. გამარჯვებულია მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ წყვილს შეაგროვებს.

13. აქტივობა: სესხის კალკულატორებით სესხის ყოველთვიური შენატანისა და სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლა.

მასწავლებელი კლასს ყოფს რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ურიგებს სესხის კალკულატორების ფურცელს. ჯგუფები ეცნობიან ფურცელზე მოცემულ ორ სიტუაციას და დავალებას და სესხის კალკულატორების გამოყენებით თავად ითვლიან: 1. სესხის ყოველთვიურ შენატანს 2. სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს.

14. აქტივობა: ბანკის შემოთავაზების შერჩევა

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა 4 ბანკის შეთავაზება.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში განსაზღვრავენ კრიტერიუმებს, რომლითაც შეთავაზებებს შეაფასებენ.

ამ კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ ოთხივე შეთავაზებას და იღებენ გადაწყვეტილებას - რომელ ბანკს შეარჩევდნენ. თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ გადაწყვეტილებას და ასაბუთებს არჩევანს.

15. აქტივობა: ცხოვრებისეული რისკების განსაზღვრა

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა „ცხოვრებისეული რისკების“ სამუშაო ფურცელი.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში ოჯახის წევრებს განალაგებენ დროის შკალაზე და განსაზღვრავენ, რა რისკი შეიძლება შეექმნას თითოეულს, რა ზარალი შეიძლება მოჰყვეს და ვინ აანაზღაურებს მას. ჯგუფები წარადგენენ ნამუშევარს; კლასი მსჯელობს და სვამს კითხვებს.

[სამუშაო ფურცლის ტიპი - საჭირო იქნება მრავალჯერადად ამობეჭდვა]

16. აქტივობა: დაზღვევის ტიპების შერჩევა

კლასი იყოფა 5 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა თითო ბარათი სიტუაციით.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში მოცემული სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავენ, რა რისკი და ზარალი შეიძლება წარმოიშვას და რომელი ტიპის დაზღვევა დაეხმარება მისგან დაცვაში. ჯგუფები წარადგენენ ნამუშევარს; კლასი მსჯელობს და სვამს კითხვებს.

17. აქტივობა: სიტუაციის განხილვა - მომხმარებლის უფლებები

კლასი იყოფა 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა სიტუაცია.

ჯგუფები 10 წუთის განმავლობაში ეცნობიან სიტუაციას და პასუხობენ დავალებაში მოცემულ კითხვებს.

შემდეგ კლასი ერთად განიხილავს:

  • რა უფლება ჰქონდა მომხმარებელს?
  • დაირღვა თუ არა მისი უფლება და რა შემთხვევაში?
  • რამდენად პასუხისმგებლობით მოიქცა მომხმარებელი?
  • რა შეეძლო მას გაეკეთებინა?

18. აქტივობა: სიტუაციების განხილვა - მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევები

კლასი იყოფა 5 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს გადაეცემა თითო ბარათი სიტუაციით. ჯგუფები ეცნობიან სიტუაციას და პასუხობენ კითხვებს:

  • დაირღვა თუ არა მომხმარებლის უფლება?
  • თუ კი, რომელი უფლება დაირღვა?
  • სად (რომელ ორგანიზაციაში) და რა გზით დააფიქსირებდით პრეტენზიას?

ჯგუფები წარადგენენ საკუთარ პასუხებს და კლასი ერთად განიხილავს სიტუაციებს.

19. ტესტი: ფულის მართვასთან დამოკიდებულება

მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს ტესტს და სთხოვს, შეავსონ.

შემდეგ განმავლობაში მოსწავლეები სურვილისამებრ აზიარებენ შედეგს და საკუთარ დამოკიდებულებას მის მიმართ.

[სამუშაო ფურცლის ტიპი - საჭირო იქნება მრავალჯერადად ამობეჭდვა]

20. ტესტი: პროფესიის არჩევა

მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს ტესტს და სთხოვს შეავსონ.ტესტის დასრულების შემდეგ კლასი მსჯელობს: დაემთხვა თუ არა შედეგი მათ ინტერესებს/სასურველ პროფესიას და რამდენად შეიძლება ტესტის გამოყენება პროფესიის არჩევისას.

[სამუშაო ფურცლის ტიპი - საჭირო იქნება მრავალჯერადად ამობეჭდვა]