კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

სინამდვილეში ფული მხოლოდ ფულში არ არის

სინამდვილეში ფული მხოლოდ ფულში არ არის

1610
5 / 5

სინამდვილეში ფული მხოლოდ ფულში არ არის და აქვე, ბენჟამენ ფრანკლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი - "დრო ფულია"...

არ ვარ ფინანსისტი და მეტიც, მეგონა, რომ არასდროს მქონია შეხება ამ სფეროსთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარგად თუ ცუდად ფინანსურ გათვლებს ყოველ თვე, ყოველ ხელფასზე ვაკეთებ. ისევ ფრანკლინს დავიხმარ, რომელიც ხუმრობდა, რომ ცხოვრებაში ორ რამეს ვერ ავცდებით, ეს არის სიკვდილი და გადასახადებიო. ამიტომ, ვფიქრობ, ჭკვიანურია, გარკვეულ დონემდე მაინც ვისწავლოთ ის, "რასაც ვერ ავცდებით".

რა არის ფული, ან რაშია ფული, ბევრჯერ დავფიქრებულვართ და მისი შოვნის დაგეგმარებაზე ბევრი ფული დაგვიხარჯავს, უფრო სწორად, ბევრი დრო დაგვიხარჯავს. სამწუხაროდ, ეს ხარჯები უმეტესწილად ნაშოვნს ამეტებს და როგორც ფინანსისტები იტყვიან, ჩვენს აქტივებში ხარჯები/ვალდებულებები მოგებას აჭარბებს. საქართველოში დროს თითქმის არ ვაკონვერტირებთ ვალუტაში, საქართველოში დრო თითქმის არ გვაქვს შეფასებული და ეს იგრძნობა კომპანიებში, ყოველდღიურობაში, შეხვედრებში და ა.შ.

რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, უკრაინიდან რუსულ ჭურვებს გამოქცეული ოჯახის გადაყვანის შესაძლებლობა მქონდა ერთი პუნქტიდან არც თუ ისე შორეულ მეორე პუნქტზე, სადაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ დაბინავებული. რა თქმა უნდა, ეს საშუალება ხელიდან არ გავუშვი და მოხალისეობრივი მოტივით მოვემსახურე. ლოკაციაზე მისვლისას ერთ-ერთი მათგანი ჯიბიდან ფულს იღებს და ჩემი შეგნებით "ტაქსის მომსახურეობის", საწვავის ღირებულების ან რაიმე მსგავსის თანხას მაწვდის, მაგრამ იქვე აშკარად შეატყობდით, რომ არც ტაქსის მძღოლი ვეგონე და არც საწვავის მსურველი, მითუმეტეს, რომ სულ რაღაც 10 კილომეტრიან რადიუსში გადავადგილდით. მისი პასუხი იყო: "გთხოვთ, გამომართვათ ეს თქვენი დახარჯული დროისთვის". ქართული ადათების ახსნით დავემშვიდობე და ახლა ვცდილობ მადლობა გადავუხადო "ჩატარებული გაკვეთილისთვის".

ჩვენ გვაქვს სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები და ა.შ., სადაც შესაძლოა მასწავლებელი არ მოვიდეს ერთ გაკვეთილზე/შეხვედრაზე და მსმენელებს ეს დრო ბოდიშით დაუკომპენსირონ. ვეჩვევით იმასაც, რომ შესაძლოა ჩვენ გავაცდინოთ რომელიმე ჯგუფური შეხვედრა, შემდეგ შეხვედრაზე ბოდიში მოვიხადოთ და მენტორს ყველაფერი ახლიდან მოვაყოლოთ, რაშიც ჯგუფიც ღიმილით გაფლანგავს დროს. 

მქონდა შესაძლებლობა, რამდენიმე კომპანიისთვის მენეჯმენტის მიმართულებით რჩევები მიმეცა. როგორც კონსულტაციებისას აღმოჩნდა, ყველაზე მეტი ფინანსური შედეგი დროის შემცირებებს მოჰყვა. მარტივი მაგალითი, რომელიც ყველა თანამშრომლის შესასრულებელი იყო გახლდათ საქმეში "დროის პარაზიტების ამოგდება", რაც გულისხმობდა სამუშაო პროცესების შესრულებისას ყველა შესაძლო დროის დაზოგვას, მათ შორის უტრირებისთვის ვასახელებთ, რომ თუ თქვენ მუშაობთ პირველ სართულზე და დღეში რამდენჯერმე გიწევთ უფროსთან მეშვიდე სართულზე საბუთების ატანა, გადადით მაღალ სართულზე. თუ თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელზეც გჭირდებათ 3-5 პირის საბოლოო დასტური, ეცადეთ ერთად შეკრიბოთ და არ გაწელოთ დრო კარდაკარ სიარულში.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც შეხვედრებზე "გერმანული სიზუსტის" საპირისპირო ტერმინად გამოიყენება, შეხედეთ საკუთარ სამსახურს, შეხედეთ ნამდვილ ქმედებებს და დათვალეთ ზუსტი სამუშაო დრო, აღმოაჩენთ, რომ 8 საათიან სამსახურში მაქსიმუმ 4 აქტიური სამუშაო საათი გაქვთ, დანარჩენ 50%-ს ვატარებთ შესვენებებზე, სოციალური ქსელის მართვაზე, სხვა სურვილების ნატვრაზე და ა.შ..

თუ ჩვენ საშუალოდ 50 პროდუქტიულ წელს ავიღებთ ასეთი გაანგარიშებით, რომლის ფარგლებშიც ვაგროვებთ X ფულს, უნდა გვახსოვდეს, რომ დროის სწორად დაკონვერტირების შემთხვევაში შევაგროვებდით X*2 ფულს.

მოეპყარი გონივრულად დროს/ფულს, აღარავინ იცის, რამდენია დღეს უკრაინაში ერთი დღის ფასი.