კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

საკურას ყვავილობამდე

საკურას ყვავილობამდე

1438
4 / 5

მაისი.

სოფელი. 

გაზაფხულის სუსხი. 

აივანი. 

აყვავილებული ხეები. 

ყავა და

ფიქრები…

უცებ მახსენდება როცა პირველად ვუყურე ანიმეს. თან ვფიქრობ, რა იღბლიანი ვარ, რომ ჩემი პირველი ანიმე მოჩვენებების მიერ გატაცებული იყო და ახლა მისი სულის ამაფორიაქებელი მელოდია ჩამესმის გულის და გონების რაღაც ყველაზე ღრმა კუნჭულში, რომელიც მთელი ცხოვრების ოცნების ტკივილს მახსენებს, შესაძლო აუხდენელი ოცნების ტკივილს.

ვუყურებ გადათეთრებულ-გადავარდისფრებულ ხეხილის ხეებს სინაზით, რომ თავს იწონებენ და სამყაროში იდეალურობის განცდას მიტოვებენ. მაგრამ ისევ გულის ის პატარა, ოცნების ნაწილი მტკივდება და მახსენდება, რომ ახლა ჰიცუჯიმას პარკის ულამაზეს ხეივნებში საკურა ყვავის და თან მისი ფოთლები წამში 5 სანტიმეტრს გადიან… ან უფრო მეტიც, აი ის… ჰო, ფუჯის მთის არამიწიერი სილამაზით, რომ ტკბები და ამ დროს შენს გვერდით საკურას ფოთოლი ვარდება, თან 5 სანტიმეტრით წამში. სამოთხეა დედამიწაზე ვითომ ეს ადგილი? არა, ალბათ სამოთხეც ვერ იქნება ასე ლამაზი, სათნო და საოცარი.

რა ცუდია, როცა ადამიანები არსებობენ, კი არ ცხოვრობენ. რატომ ვამბობთ უარს საკუთარ ოცნებებზე იმის ძახილით, რომ არაფერი გამოვა თუნდაც დღეს ცოტა რთული იყოს ყველაფერი. რატომ უნდა სტკიოდეს ადამიანს გულის ის ნაწილი ჩვენს აუხდენელ ოცნებებს, რომ ინახავს?!

ყველაფერი გამოვა, ყველაფერსაც მივაღწევთ.

ოცნებასაც აიხდენს პატარა კოჰაკუ და თავისი თვალით ნახავს კიმანოში გამოწყობილ საყვარელ იაპონელებს ფუჯის მთის ფონზე და თან საკურას ფოთოლი ჩამოვარდება წამში 5 სანტიმეტრით…

კოჰაკუმ გუშინ ცოტა მოიკლო, თვალს დაუმალა ოცნების ასახდენად გადადებული ცენტები. დღესაც უარს იტყვის ზოგ რამეზე, ხვალაც. აგროვებს რომელიმე საკურას ყვავილობამდე 5-10 ან 20 წლის მერე მაინც რომ ნახავს. 

ვთვლი ყოველ დღეს და ყოველ ცენტს, რაც ცხოვრების ყველაზე დიდ ოცნებამდე მაშორებს. 

ჰო… გასულ თვეში 15$ დავზოგე, ამ თვეში კი გადავწყვიტე მინიმუმ 20$ დავზოგო. როცა ბარათზე ისეთი თანხა მრჩება დამრგვალებამდე, რომ 5 დოლარამდე აკლია, მაგალითად თუ 23$ მაქვს 3$ ვუმალავ ჩემს თავს და შესაგროვებელ ყულაბაში ვგზავნი. თავს კი ვაჯერებ, რომ ვითომ უბრალოდ საყვარელი შოკოლადი ვიყიდე და ძველებურად უაზროდ გავფლანგე ოცნების ასასრულებელი ცენტები ტკბილეულში. მინდა საშუალოდ 40$ დაზოგვა შევძლო თვეში. ასე 10 წელიწადში ოცნებას ავიხდენ… ან იქნებ სასწაული მოხდეს და უფრო მეტის დაზოგვაც შევძლო. 10,9,8,7,6… ვინ იცის, როდის ვნახავ წამში 5 სანტიმეტრით ჩამოვარდნილ საკურას ფოთოლს.

ჰო და თან ეს პროცენტებიც, იქნებ 40$ ამით დამიგროვდეს და როცა წავალ, ამ 40$-ს ჰასებით რაიმე გემრიელობის დაგემოვნებაში დავხარჯავ.